ისრაელი აფართოებს COVID-19-ის პრეპარატის ცდებს, რომელმაც პაციენტებში 88-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა — #1tvმეცნიერება
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის ინოვაციური პრეპარატის გაფართოებული გამოყენება დაამტკიცა; ბოლო დოზის მიღებიდან ორი დღის შემდეგ, 17 მძიმე პაციენტიდან 15 საავადმყოფოდან გაწერეს.
პრეპარატს რამბამის სამედიცინო ცენტრში კლინიკური ცდების I/II ფაზის ფარგლებში ტესტავენ. სამინისტრომ ისრაელის ნებისმიერ დაინტერესებულ ჰოსპიტალს ცდების II ფაზაში ჩართვის ნებართვა მისცა.
ცდებში სულ მცირე 50 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და მისი მიზანი პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დამტკიცებაა; მედიკამენტი კომპანია Bonus BioGroup-მა შექმნა.
პრეპარატი შედგება გააქტიურებული მეზენქიმური სტრომული უჯრედებისგან (MSC), რომლებიც ჯანმრთელი დონორების ცხიმოვანი ქსოვილებიდან აიღეს. ცდები მიუთითებს, რომ პრეპარატმა შეამცირა ანთება, შეამსუბუქა რესპირატორული და სხვა სიმპტომები იმ პაციენტებში, რომლებსაც COVID-19-ით გამოწვეული რესპირატორული აშლილობა სტანჯავდათ.
მაისში კომპანიამ მონაცემები გამოაქვეყნა 45-დან 75 წლამდე ასაკის ათი მძიმე კოვიდპაციენტის შესახებ. მათ 90 პროცენტს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.
მონაცემები აჩვენებდა, რომ მკურნალობიდან პირველ ხუთ დღეში, 40 პროცენტით შემცირდა ფილტვების ანთება — 55%-დან 15%-მდე, როგორც ამას რენტგენული კვლევა მიუთითებდა. ერთი თვის შემდეგ, ფილტვების ანთების მაჩვენებელი 1 პროცენტამდე დაეცა.
გარდა ამისა, ერთი თვის შემდეგ, პაციენტებს აღენიშნებოდათ სასუნთქი ფუნქციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, სისხლში ჟანგბადის ნაჯერობა 95 პროცენტამდე გაიზარდა, ფილტვების ფუნქცია კი თითქმის ნორმალურ დონეს დაუბრუნდა.
მაისის შემდეგ, პრეპარატით კიდევ ექვს ადამიანს უმკურნალეს. საერთო ჯამში, მედიკამენტი უკვე 17 ადამიანს აქვს მიღებული, რომელთაგან 15, ანუ 88 პროცენტი, ბოლო დოზის მიღებიდან ორი დღის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.
კომპანია Bonus BioGroup-ი 2008 წელს ქალაქ ჰაიფაში დაარსდა. მას შემდეგ, მისი მეცნიერები მეზენქიმურ სტრომულ უჯრედებზე მუშაობენ. ამ დროისათვის, კომპანიის მთავარი პროდუქტია ქსოვილებისგან გამოყვანილი ძვლის ტრანსპლანტი, რომელიც ასევე მეზენქიმურ სტრომულ უჯრედებს ეფუძნება.
კორონავირუსის პანდემიის დაწებისთანავე, Bonus BioGroup-მა დაიწყო კვლევა, როგორ შეიძლება გამოეყენებინათ მეზენქიმური სტრომული უჯრედები COVID-19-ის პაციენტებში ციტოკინური შტორმის შესამცირებლად.
მომზადებულია The Jerusalem Post-ის მიხედვით.