ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ერთ ლარად, ისნის რაიონში – დოესის, ჯორჯ ბუშის, ლობჟანიძის, საინგილოს ქუჩებზე, სოფრომაძის პირველ შესახვევში და წულუკიძის პირველ შესახვევში, ასევე, ვაზისუბანში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.
ირაკლი თავართქილაძემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, შესაბამისი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ.
„დღეს ისნის რაიონში 29 ოჯახს გადავეცით საკუთრებაში ის ფართები, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში, გარკვეული ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო ვერ იკანონებდნენ. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს ეს სიხარული და დღესასწაული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ 1500-მდე ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები. მივმართავ ოჯახებს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, თავიანთ რაიონებში მიმართონ გამგეობებს, სადაც აუხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ მათ საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ“, – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.
2018 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შემოსული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.