ისნის მე-5 ოლქის 31-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი აღდგა, – ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.
როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თეოდორე გობეჯიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ უბანზე კომისიის თავმჯდომარე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს და საარჩევნო ყუთი დროებით დალუქეს.
სპეციალური განკარგულებით, უბანზე საარჩევნო პროცესი შეჩერდა.
გობეჯიშვილის თქმით, ყუთის მთლიანობა არ იყო დარღვეული, ამასთან, აცხადებს, რომ ამას ადასტურებს უბანზე მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის კომისიის წევრები და დამკვირვებლები.
ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ვაკეშია, ყველაზე დაბალი ისანში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.