ისლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის დამარცხებასთან ახლოს არის
ისლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ კორონავირუსის დამარცხებასთან ახლოსაა. ხელისუფლების ინფორმაციით, ვირუსით დაავადებულთა 97%-ი გამოჯანმრთელდა. გასულ კვირას ქვეყენაში „კოვიდ-19“-ის მხოლოდ ორი შემთხვევა აღრიცხეს.
შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში კორონავირუსი პირველად მარტის დასაწყისში დაფიქსირდა. ამის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები აამოქმედა. დაიხურა სკოლები. აიკრძალა მასობრივი შეკრებები. ხელისუფლების ინიციატივით, დაიწყო მასობრივი ტესტირება.
შედეგად ვირუსის გავრცელების ტემპი შენელდა და აპრილის შუა რიცხვებში შეზღუდვების ნაწილი მოხსნეს.
ამჟამად ისლანდიაში მოქალაქეთა 14%-ს კორონავირუსზე ტესტი გაკეთებული აქვს.
„იმ მოქალაქეთა 57 პროცენტი, რომელთა ტესტის შედეგი დადებითი იყო, უკვე იზოლაციაში იმყოფებოდა, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს. ეს უსვამს ხაზს ჩვენ მიერ გატარებული ზომების ეფექტურობას“, – ნათქვამია ისლანდიის მთავრობის განცხადებაში.
ისლანდიაში კორონავირუსი სულ 1799 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 1750 გამოჯანმრთელდა. დღეს ქვეყანაში სულ ინფიცირებულია 39 ადამიანი. მათგან სამი საავადმყოფოში რჩება. ვირუსს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.