ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა
ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა

რამდენიმე კვირიანი ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ისლანდია რამდენიმე კვირა ემზადებოდა ვულკანური აქტივობისთვის. გასულ თვეში დაახლოებით 4 000 ადამიანი იყო ევაკუირებული ქალაქ გრინდავიკიდან.

როგორც მედია წერს, ვულკანის ამოფრქვევის დანახვა შესაძლებელია ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან, რომელიც გრინდავიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 42 კმ-ში მდებარეობს.

ისლანდიის მეტეოროლოგიურმა ოფისმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ამოფრქვევის სიმძლავრე მცირდება, მაგრამ, მაინც შეიძლება, ფერფლის მასამ რეიკიავიკამდე მიაღწიოს. მათივე განცხადებით, ვულკანის ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 3,5 კმ-ია, ლავა მიედინება წამში 100-დან 200 კუბურ მეტრამდე სიჩქარით და ეს ბევრჯერ მეტია, ვიდრე ბოლო ამოფრქვევები რეიკიანესის ნახევარკუნძულზე.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბიარნი ბენედიკსონმა განაცხადა, რომ „ისლანდიაში არ არის შეფერხებები რეისებზე და საერთაშორისო ფრენები შეუფერხებლად სრულდება“.