ისკო დასენი - არც მე, არც ჩემს შვილებს ქოლცენტრებთან და მათ დანაშაულებთან კავშირი არ გვქონია, მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, დადგინდება, ვინ არის დამნაშავე
ისკო დასენი - არც მე, არც ჩემს შვილებს ქოლცენტრებთან და მათ დანაშაულებთან კავშირი არ გვქონია, მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, დადგინდება, ვინ არის დამნაშავე

საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არც მას და არც მის ოჯახს ქოლცენტრების საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი შეფასებით, გიორგი ვაშაძე ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

ისკო დასენი გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დღევანდელ განცხადებას, სადაც ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს.

ისკო დასენის თქმით, გამოძიება დაადგენს, ვინ არის დამნაშავე.

„როგორც გავიგე, საკითხი ეხება ქოლცენტრების მიერ ჩადენილ დანაშაულს. არაერთხელ მაქვს გაცხადებული და დღესაც ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს არანაირი კავშირი არ გვაქვს ამ საქმიანობასთან და საერთოდ ამ დანაშაულებთან. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, დასახელდა გვარები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ამას ხელმძღვანელობდა კეზერაშვილი, დასახელდა ვაშაძის გვარი. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ხელმძღვანელობით ამაში მონაწილეობდნენ. ახლა ამ მოქმედებით ვაშაძე კი არ ცდილობს, რომ ცოტა გაალამაზოს თავისი მოქმედება ან გაამართლოს თავისი თავი, არა, აიღო სხვა გზა, დაასახელოს ჩემი გვარი, ჩემი ოჯახი და იქნებ ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, დადგინდება, ვინ არის დამნაშავე. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არ დასახელებულა ჩემი ოჯახის არცერთი წევრის გვარი, არც ნაცნობების. ვაშაძე ასახელებს რაღაც გვარებს, რომლებიც ამ წუთში არც კი მახსოვს, არ ვიცნობ ამ პიროვნებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, მოკლედ, ვაშაძე ცდილობს, რომ ამ გზით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„ვიპ ტრეიდთან“ დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან გაკეთდა განცხადებები, მაგრამ „ვიპ ტრეიდს“ ქოლცენტრების საქმიანობასთან საერთოდ კავშირი არ ჰქონია. ჩაჩი დასენი – ასეთი პიროვნება საერთოდ არ არსებობს. ეს არის გვარად გასოიანი, რომელიც დღეს იხდის სასჯელს სულ სხვა დანაშაულის ჩადენისთვის, თაღლითობაა თუ რაც არის, დეტალები არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე ადამიანი ვნახე მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ დაიწყო ამაზე საუბარი. დავინტერესდი, ვინ არის. არ არსებობს ჩაჩი დასენი – ამ სახელის და გვარის პიროვნება, ადამიანი თურმე არ არსებობს. კიდევ ერთხელ, პირდაპირ გეუბნებით „ვიპ ტრეიდთან“ დაკავშირებით მაქვს გაკეთებული დეტალური განცხადებები. ჩემი შვილები რამდენიმე თვის განმავლობაში ნამდვილად იყვნენ ამ საზოგადოებაში და ამ საზოგადოებას არ ჰქონია არანაირი საქმე ქოლცენტრებთან. „ვიპ ტრეიდთან“ დაკავშირებით მე ვნახე ტელევიზიით გადაცემები, მის საქმიანობაზე მიმდინარეობდა გამოძიება. ის, ვინც დამნაშავეა, გასოიანი, ახლაც იხდის სასჯელს და რამდენადაც ვიცი, მისი დანაშაული არ უკავშირდება „ვიპ ტრეიდის“ საქმიანობასაც კი. ჩემი შვილები რამდენიმე თვის განმავლობაში ნამდვილად იყვნენ იმ კომპანიაში. ვიდრე ჩემი შვილები იყვნენ, არანაირი დანაშაული და არანაირი გადაცდომაც კი არ ჰქონია. რა კადრებიც აჩვენეს, ეს ყველაფერი ხდებოდა მას შემდეგ, რაც უკვე ჩემი შვილები არ იყვნენ იმ კომპანიებში. „ბლექსი როქსი“ – ასეთი კომპანია თურმე არ არსებობს, ეს არის მოგონილი კომპანია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს შეტანილი საჩივარი სასამართლოში და ვინც დაასახელა, ვითხოვთ, რომ ამაზე აგონ პასუხი, ეს გააკეთეს ოპოზიციის ხელმძღვანელებმა. ბოლოს ვაცხადებ, მზად ვარ, წარმოგიდგინოთ ოფიციალური დოკუმენტი, ანუ არც მე, არც ჩემს შვილებს ქოლცენტრებთან და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან კავშირი არ გვქონდა“, – განაცხადა ისკო დასენმა.