ISIS, რუსეთი, ეკონომიკა - აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მთავარი გამოწვევები
მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო მარათონი დასასრულს უახლოვდება. დასავლური პრესა კი უკვე წერს იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ამერიკის 45-ე პრეზიდენტი აღმოჩნდება – იქნება ეს დონალდ ტრამპი თუ ჰილარი კლინტონი.
Independent-მა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მთავარ გამოწვევებს ვრცელი ანალიტიკური სტატია მიუძღვნა.
გამოცემა წერს, რომ ავღანეთი, ერაყი, სირია, კორეა, ევროპა, ნატო, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, დოლარის როლი საერთაშორისო სავალუტო მიმოქცევაში და გლობალური ფინანსური სისტემა – ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომელზე მუშაობაც დონალდ ტრამპს ან ჰილარი კლინტონს მოუწევს.
1. ე.წ. ისლამური სახელმწიფო
ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა და სირიის კონფლიქტი იქნება.
აშშ-ს რიგით 45-ე მმართველის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები დადგება:
ა. რა ფორმითა და დოზით უნდა ითანამშრომლოს ამერიკამ რუსეთთან სირიის კონფლიქტის საკითხზე?
ბ. როგორ უნდა ჩააღწიოს ჰუმანიტარულმა დახმარებამ ალყაშემორტყმულ ალეპოში – ამ საკითხის მოსაგვარებლად, აუცილებელია რუსეთთან და ასადის მთავრობასთან თანამშრომლობა.
გ. როგორ უნდა შეძლონ ერაყში სტაბილურობის მიღწევა?
2. რუსეთი
ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საკითხი რუსეთთან ურთიერთობაა.
თუ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას შეარბილებს, მაშინ დაკარგავს თავის პრესტიჟსა და გავლენას პარტნიორებთან, ხოლო რუსეთი ამერიკის შერბილებულ პოლიტიკას იმავე რბილი ნაბიჯებით არ უპასუხებს.
როგორც Independent-ი წერს, მეორე მხრივ, ამერიკის მთავრობას შეუძლია პოლიტიკის შერბილების ნაცვლად, გააგრძელოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება.
როგორ პოლიტიკას აირჩევს ამერიკა, ეს ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
3. ეკონომიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური პოლიტიკა გავლენას ახდენს არამხოლოდ უშუალოდ ამერიკაზე, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზე.
მოკლევადიანი პერსპექტივით, აშშ-ის ახალ პრეზიდენტს მოუწევს:
ა. ინვესტიცია განახორციელოს ინფრასტრუქტურულ და განათლების პროექტებში, რათა დაიბრუნოს ტრადიციული დიდება და უპირატესობა.
ბ. გააფართოვოს და ღია გახადოს სავაჭრო პოლიტიკა, რაც საკმაოდ რთული იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით.
დ. მხარი დაუჭიროს და წააქეზოს გერმანია, რათა მან ევროზონის რეფორმა შეძლოს.
4. ირანი, კუბა, თურქეთი, მექსიკა
ირანთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკის ეს კურსი უნდა გაატაროს.
კუბა და მისი პერიფერიები აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტის პრიორიტეტების ჩამონათვალში იქნება.
ასევე მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს თურქეთთან ურთიერთობა, კერძოდ, მჭიდრო თანამშრომლობა და სტაბილური ურთიერთობა, მათ შორის სხვადასხვა დიპლომატიური ინიციატივა და საერთაშორისო ვიზიტები.
რაც ეხება მექსიკას, უნდა გაუმჯობესდეს თანხმობის პოლიტიკა მიგრაციასთან დაკავშირებით.
5. საინაუგურაციო სიტყვა
საინაუგურაციო სიტყვა ამერიკის ახალი პრეზიდენტისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლაა, ვინაიდან მან ამ გამოსვლის დროს ამერიკელ ხალხს თავისი პოლიტიკის მთავარი გზავნილების შესახებ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია – უნდა დაარწმუნოს ამერიკა და სრულიად მსოფლიო, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყნის 45-ე პრეზიდენტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა უთხრას ხალხს, რისი გაკეთება არ შეუძლია.
ამერიკის მოსახლეობა ქვეყნის 45-ე პრეზიდენტს ირჩევს.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.