ISIS-ის მიმდევრები მუნდიალი 2018-ის დროს მესისა და რონალდუზე თავდასხმით იმუქრებიან
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრები მუნდიალის დროს თავდასხმების მოწყობით იმუქრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი სოციალურ ქსელებში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერ ჯგუფებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, ჯიჰადისტების მხარდამჭერები ფეხბურთელებს ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს თავის მოკვეთით ემუქრებიან.
ტერორისტებთან დაკავშირებული ჯგუფები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ წარწერით: „2018 წლის მსოფლიო ჩემიონატი რუსეთში – გამარჯვება ჩვენი იქნება“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტერორისტული ჯგუფები ლიონელ მესის ემუქრებიან. მსგავსი განცხადება ჯიჰადისტებმა მარტშიც გაავრცელეს.