ირმის ნახტომში აღმოაჩინეს რეგიონი, რომელიც სავსეა აფეთქების ზღვარზე მყოფი ვარსკვლავებით — #1tvმეცნიერება
ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომში ძალიან ცხელი, კაშკაშა ცისფერი ვარსკვლავებით სავსე ახალი რეგიონი აღმოაჩინეს; ვარსკვლავები აფეთქების ზღვარზე იმყოფებიან.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპ „გაიას“ მონაცემებით მკვლევრები ჩვენი გალაქტიკური სამეზობლოს ვარსკვლავებით სავსე სპირალური მკლავების ამ დროისათვის ყველაზე დეტალურ რუკას ადგენდნენ, როდესაც აღმოაჩინეს რეგიონი, რომელსაც ცეფევსის დეზი უწოდეს.
რეგიონი მოთავსებულია ორიონის მკლავს (სადაც მზის სისტემაც მდებარეობს) და პერსევსის თანავარსკვლავედს შორის და წარმოადგენს სარტყელს ორ სპირალურ მკლავს შორის, რომელიც სავსეა უზარმაზარი ვარსკვლავებით — ჩვენს მზეზე სამჯერ დიდი, ძალიან ცხელი ცისფერი მნათობებით.
ამ ცისფერ გიგანტებს ასტრონომები OB ვარსკვლავებს უწოდებენ, რადგან ისინი ძირითადად სინათლის ცისფერ ტალღის სიგრძეში ასხივებენ. წარმოადგენენ უიშვიათეს, უცხელეს, უდიდეს და ხანმოკლე სიცოცხლის მგონე ვარსკვლავებს მთელ გალაქტიკაში.
მათ გულებში მიმდინარეობს მძლავრი ბირთვული რეაქციები, რომელთა გამოც ისინი ჩვენს მზეზე ექვსჯერ ცხელია. სიცოცხლეს ისინი უზარმაზარი აფეთქების, სუპერნოვას სახით ასრულებენ, რა დროსაც გალაქტიკაში მიმოიფანტება კომპლექსური სიცოცხლისთვის აუცილებელი მძიმე ელემენტები.
„OB ვარსკვლავები იშვიათია, გალაქტიკის 400 მილიარდ ვარსკვლავს შორის მათი რაოდენობა სავარაუდოდ 200 000-ზე ნაკლებია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ესპანეთის ასტრობიოლგიის ცენტრის მკვლევარი მიქელანჯელო პანტალეონი გონსალესი.
მისივე განცხადებით, სწორედ ეს ვარსკვლავები წარმოქმნიან მძიმე ელემენტთა დიდ ნაწილს და წარმოადგენენ გალაქტიკის ქიმიურად გამამდიდრებლებს. სწორედ დიდი ხნის წინ მომკვდარი ასეთი ვარსკვლავების წყალობით გახდა ჩვენი პლანეტა გეოქიმიურად იმდენად კომპლექსური, რომ შესაძლებელი გახდა ბიოქიმიის აღმოცენება.
ის რეგიონები, სადაც ცისფერი ვარსკვლავებია, გალაქტიკის ყველაზე აქტიური და „ცოცხალი“ ნაწილებია.
ვარსკვლავების რუკა მკვლევრებმა ამ ვარსკვლავთა დედამიწიდან დაშორებების ტრიანგულაციით მოახდინეს, მეთოდით, რომელსაც ვარსკვლავური პარალაქსი ეწოდება.
მზის გარშემო დედამიწის მოძრაობისას, ვარსკვლავების ხილულ ადგილმდებარეობაზე სხვადასხვა პერსპექტივიდან დაკვირვებებისა და ამ ადგილმდებარეობათა შედარების გზით, ასტრონომებს შეუძლიათ გამოთვალონ თავად ამ ვარსკვლავებამდე მანძილებიც.
ამ მეთოდისა და ტელესკოპ გაიას მონაცემების გამოყენებით, ჯგუფმა წინა შეფასებებზე უფრო შორეული მანძილების დადგენა სცადა იმ ზონებში, რომლებიც აქამდე ცარიელად მიიჩნეოდა.
„თვეობით მუშაობის შემდეგ, პირველად ვიხილეთ ეს უმშვენიერესი რუკა. განმანათლებლობის ეპოქის მკვლევარივით ვგრძნობ თავს, რადგან მივყვები ჩვენი სამყაროს პირველ უზუსტეს რუკას, უბრალოდ, ამჯერად სხვა მასშტაბით. როდესაც ვხედავ, რამდენად ვრცელია ჩვენი ვარსკვლავური სამეზობლო, თავს უკიდურესად მოკრძალებულად და ციცქნად ვგრძნობ“, — ამბობს გონსალესი.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ახალი რეგიონი სპირალური გალაქტიკის დისკოს ნაწილი იყო, სადაც თავს იყრის ჩვენი გალაქტიკის მატერიის დიდი ნაწილი; თანაც, ვარსკვლავებს იქ შემთხვევითი განლაგება კი არ აქვთ, არამედ მუდმივად ერთი მიმართულებით მოძრაობენ.
იმის გათვალისწინებით, რომ დეზი გალაქტიკური დისკოდან ოდნავ მაღლა მდებარეობს, მკვლევრები ეჭვობენ, რომ გარკვეულ ცნობებს მიიღებენ ირმის ნახტომის წარსულის შესახებაც, რადგან ეს შეიძლება წარსულში სხვა გალაქტიკებთან მომხდარი შეჯახებების ნიშანი იყოს.
მკვლევართა შემდეგი ნაბიჯი იქნება უფრო ზუსტ რუკაზე უფრო მეტი OB ვარსკვლავის დატანა, რაც მათი აზრით, კიდევ უფრო მეტ ცნობას მოგვცემს ჩვენი გალაქტიკის სტრუქტურის შესახებ.
კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.