ირმის ნახტომის სუპერმასიურ შავ ხვრელს შესაძლოა, „უხილავი“ ტყუპისცალი ჰყავს
ირმის ნახტომის სუპერმასიურ შავ ხვრელს შესაძლოა, „უხილავი“ ტყუპისცალი ჰყავს

ასტრონომებმა ახალი კვლევა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც შეეცდებიან გაარკვიონ, რა ემართებათ ირმის ნახტომში მოხეტიალე შავ ხვრელებს.

როგორც წესი, მასიური გალაქტიკის ცენტრში არსებობს სუპერმასიური შავი ხვრელი, მაგრამ ხანდახან სუპერმასიური შავი ხვრელი შეიძლება, მშობლიური გალაქტიკის მასშტაბით უმისამართოდ დაეხეტებოდეს ცენტრიდან ისეთ შორეულ რეგიონშიც კი, როგორიცაა ვარსკვლავური ჰალო. ეს არის გაზისა და ვარსკვლავების თითქმის სფერული ზონა, რომელიც გარს აკრავს გალაქტიკის ძირითად სექციას.


ასტრონომთა აზრით, ეს ფენომენი გაფართოებად სამყაროში ხშირად ხდება გალაქტიკათა შერწყმის შედეგად. დიდ გალაქტიკასთან შერწყმისას, უფრო პატარა გალაქტიკა მას საკუთარ სუპერმასიურ შავ ხვრელსაც გადასცემს, რომელიც ახალი სამშობლოს გარშემო ვრცელ ორბიტაზე იწყებს მოძრაობას.

Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი პროგნოზირებს, რომ ირმის ნახტომის მასის გალაქტიკებს რამდენიმე სუპერმასიური შავი ხვრელი უნდა გააჩნდეს.

გალაქტიკებში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელების დინამიკის უზუსტესი პროგნოზირებისთვის, ჯგუფმა უახლესი კოსმოლოგიური სიმულაცია, „რომულუსი“ გამოიყენა.


„ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენს მზეს რომელიმე მოხეტიალე სუპერმასიური შავი ხვრელი მოუახლოვდეს და დააზიანოს მისი სისტემა“, — ამბობს კვლევის ავტორი მაიკლ ტრემელი.
მისი თქმით, ასეთი მოხეტიალე შავი ხვრელების მზის სისტემასთან მოახლოების შანსი 100 მილიარდ წელიწადში ერთია.

როგორც ტრემელი აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ მოხეტიალე სუპერმასიური შავი ხვრელები გალაქტიკის ცენტრიდან საკმაოდ შორს, გალაქტიკური დისკოს მიღმა უნდა მოძრაობდნენ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი გაზს ჭამდნენ. შესაბამისად, ეს შავი ხვრელები სრულიად უხილავი უნდა იყოს.

მკვლევართა განცხადებით, ამჟამად აქტიურად მიდის კვლევა, რათა შეიმუშაონ მეთოდი, რომლის საშუალებითაც ამ შავ ხვრელთა არსებობა არაპირდაპირი გზით დამტკიცდება.

მომზადებულია yale.edu-ს მიხედვით