პროექტში, რომლის მიზანიც სამყაროს უძველეს ვარსკვლავთა გამოვლენა იყო, მეცნიერებმა ყოვლისმომცველი კვლევა ჩაატარეს ამ უძველეს, მაგრამ მოუხელთებელ ვარსკვლავთა საპოვნელად და დაადგინეს, რომ გალაქტიკის ცენტრის გარშემო მათი მოძრაობის მაჩვენებელი ოდნავ უფრო მშვიდია, იქ არსებული ქაოსის მიუხედავად.
კვლევას კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომი ანკე არენტსენი ხელმძღვანელობდა. შედეგები მათ გაერთიანებული სამეფოს ყოველწლიურ ასტრონომიულ შეხვედრაზე წარადგინეს.
ვარსკვლავის ასაკის დადგენა შესაძლებელია მასში არსებულ ლითონთა რაოდენობის საფუძველზე. როდესაც სამყაროში პირველი ვარსკვლავები გაჩნდა, ისინი იმ ელემენტარული მასალებისგან უნდა წარმოქმნილიყო, რაც იმ დროისთვის იყო ხელმისაწვდომი — ძირითადად ეს იყო წყალბადი და ჰელიუმი. თუმცა, მათ ბირთვებში მოგიზგიზე ბირთვულმა ღუმელებმა წყალბადის ატომების უფრო მძიმე ნივთიერებებად სინთეზი დაიწყეს, ჰელიუმიდან რკინამდე.
შემდეგ, როდესაც ისინი სუპერნოვებად აფეთქდნენ, ეს მძიმე ელემენტები კოსმოსში მიმოფანტეს; მათ შორის იყო რკინაზე უფრო მძიმე ელემენტებიც, რომლებიც უშუალოდ სუპერნოვად აფეთქების პროცესში „გამოიჭედნენ“. შესაბამისად, ვარსკვლავთა შემდეგი თაობა მძიმე ელემენტთა უფრო დიდი პროპორციით გაჩნდა. რაც უფრო ახალგაზრდაა ვარსკვლავი, მით უფრო მეტ ლითონს შეიცავს.
და პირიქით, რაც უფრო ხნიერია ვარსკვლავი, მით ნაკლები ლითონია მასში. ასეთი უძველესი ვარსკვლავები ირმის ნახტომში აქამდეც არის აღმოჩენილი, მაგრამ ძირითადად გარე ნაწილებსა და გალაქტიკურ ჰალოში. ასტრონომთა აზრით, ხნიერ ვარსკვლავთა შორის ყველაზე ხნიერები გალაქტიკის ცენტრშიც უნდა იყვნენ, მაგრამ ვინაიდან ეს რეგიონი ლითონებით ძლიერ მდიდარია და იქ არსებული დიდძალი მტვერი ხედვას აძნელებს, მათი პოვნა ძნელია.
მათ საპოვნელად, ანკემ და მისმა კოლეგებმა დაიწყეს პროექტი, სახელად „ხელუხლებელი შიდა გალაქტიკის კვლევა“ (PIGS). გარკვეულ ვარსკვლავთა მიერ გამოყოფილი სინათლის სპექტრის ანალიზით, ასტრონომებს შეუძლიათ იპოვონ ტალღის სიგრძეები, რომლებსაც გარკვეული ელემენტები (არსებობის შემთხვევაში) აძლიერებენ ან ასუსტებენ. ისინი ეძებდნენ ელემენტთა ხელწერას, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ლითონებით ძალიან ღარიბ ვარსკვლავებთან და შედეგად, ასე გამოავლინეს კანდიდატი 8000 ვარსკვლავი.
შემდეგმა დაკვირვებებმა ლითონებით ღარიბ ვარსკვლავა ქიმიური შემადგენლობა დაადასტურა, რის შედეგადაც, გალაქტიკის ცენტრში დაახლოებით 1300 უძველესი ვარსკვლავი გამოვლინდა. ვინაიდან ამდენი ვარსკვლავი იპოვეს, მკვლევრებმა შემდეგ პოპულაციის შესწავლის კვლევებიც ჩაატარეს.
ამისათვის გამოიყენეს კოსმოსურო ობსერვატორია „გაიას“ მონაცემები. ეს გახლავთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიმდინარე პროექტი, რომლის მისიაც ირმის ნახტომის ვარსკვლავთა ადგილმდებარეობისა და მოძრაობების სამგანზომილებიან რუკაზე დატანაა. ამის წყალობით, მკვლევრებმა ამ ხნიერ ვარსკვლავთა გალაქტიკის გარშემო ორბიტების განსაზღვრა შეძლეს.
არენტსენმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ამ უძველეს ვარსკვლავთა ორბიტა გალაქტიკის ცენტრის გარშემო, შედარებით ნელია.
ამას გარდა, ხნიერ ვარსკვლავებს უფრო ქაოსური ორბიტაც აქვთ, მაგრამ მაინც ინარჩუნებენ საშუალო ორბიტას გალაქტიკის ცენტრის გარშემო.
და ბოლოს, ვარსკვლავთა ორბიტები ძირითადად მთლიანად გალაქტიკის ცენტრშია მოქცეული. ყველზე ელიფსური ორბიტების მქონე ვარსკვლავებიც კი ძირითადად მაინც ირმის ნახტომის ცენტრალურ რეგიონს შიგნით რჩება.
„ამაღელვებელია იმაზე ფიქრი, რომ ვხედავთ ვარსკვლავებს, რომლებიც ირმის ნახტომის ადრეულ ეტაპზე დაიბადნენ, რომლებზეც აქამდე ხელი არ მიგვიწვდებოდა. სავარაუდოდ, ეს ვარსკვლავები დიდი აფეთქებიდან მილიარდზე ნაკლებ წელიწადში გაჩნდნენ და შესაბამისად, წარმოადგენენ ადრეული სამყაროს რელიკვიებს“, — ამბობს არენტსენი.