უკვე დიდი ხანია, ასტრონომები უკიდეგანო სამყაროს აქტიურად იკვლევენ იმის იმედით, რომ არამიწიერი ცივილიზაციები აღმოაჩინონ. თუმცა, იმისათვის, რათა პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდეს, იქ აუცილებლად უნდა იყოს თხევადი წყალი. ასეთი სცენარის ალბათობის გამოთვლა შეუძლებელი ჩანდა, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ დედამიწის მსგავს პლანეტებზე წყალი შემთხვევით ხვდება, როდესაც პლანეტას მოზრდილი, ყინულის ასტეროიდი ეცემა.
ახლახან, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ინსტიტუტ GLOBE-ს მკვლევრებმა საკმაოდ თვალისმომჭრელი კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც მიუთითებს, რომ წყალი შეიძლება პლანეტაზე მისი წარმოქმნის პროცესის დაწყებიდან მალევე იყოს წარმოდგენილი. ამ კვლევის ფარგლებში ჩატარებული გაანგარიშებების მიხედვით, ეს ასე იყო დედამიწის, ვენერასა და მარსის შემთხვევაშიც.
„ყველა ჩვენი მონაცემი მიუთითებს, რომ წყალი დედამიწის სამშენებლო ბლოკებს შორის იყო, ზუსტად დასაწყისიდანვე. იმის გამო, რომ წყლის მოლეკულა ხშირად წარმოიქმნება, არსებობს გონივრული ალბათობა, რომ ასეთი სცენარი ირმის ნახტომის ყველა პლანეტას მოერგოს. პლანეტაზე თხევადი წყლის არსებობისათვის გადამწყვეტი წერტილია პლანეტის დაშორება დედავარსკვლავიდან“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმაციის ცენტრის პროფესორი ანდერს იოჰანსენი.
კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით, ანდერს იოჰანსენმა და მისმა ჯგუფმა გამოთვალა, რა დრო სჭირდება პლანეტის წარმოქმნას და რომელი სამშენებლო ბლოკებისგან იბადებიან ისინი. კვლევა მიუთითებს, რომ 4,5 მილიარდი წლის წინ, ერთმანეთს შეეწება მილიმეტრის ზომის ყინულისა და ნახშირბადის მტვერივით ნაწილაკები, რომლებიც უხვად არის ირმის ნახტომის ახალგაზრდა ვარსკვლავთა გარშემო და სწორედ ასე დაიწყო დედამიწის ისტორია.
„იმ წერტილის შემდეგ, როდესაც დედამიწამ ამჟამინდელი მასის ერთი პროცენტი შეიძინა, ჩვენმა პლანეტამ ზრდა წყლითა და ყინულით სავსე კენჭების ჩაჭერითა და მიერთებით განაგრძო. ამის შემდეგ, დედამიწამ სულ უფრო სწრაფი ზრდა დაიწყო და საბოლოოდ, ხუთი მილიონი წლის შემდეგ, გახდა იმხელა, რამხელაც დღესაა“, — ამბობს ანდერს იოჰანსენი, რომელმაც ეს თეორია ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფთან ერთად ათი წლის წინ წამოაყენა, მაგრამ მისი დადასტურება მხოლოდ ახლა მოხერხდა.
მისივე თქმით, გზადაგზა ზედაპირზე ტემპერატურა მკვეთრად მაღლა იწევდა, რის გამოც, კენჭებში არსებული ყინული ორთქლდებოდა და შემდეგ ზედაპირზე ეშვებოდა; ამ პროცესთა შედეგად, წყალი დღეს დედამიწის მასის მხოლოდ 0,1 პროცენტს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის ზედაპირის 70 პროცენტს ფარავს.
მათ თეორიას „კენჭების მიერთება“ ეწოდება და გვთავაზობს, რომ პლანეტები თავიდან წარმოიქმნება კენჭების შეჯგუფება-შეწებების შედეგად, შემდეგ კი ეს პლანეტები სულ უფრო და უფრო იზრდებიან.
როგორც ანდერს იოჰანსენი განმარტავს, წყლის მოლეკულა H2O ჩვენს გალაქტიკაში ყველგან გვხვდება და შესაბამისად, ეს თეორია აჩენს შესაძლებლობას, რომ სხვა პლანეტებიც იმავე გზით წარმოიქმნებიან, როგორც დედამიწა, მარსი და ვენერა.
„ირმის ნახტომის ყველა პლანეტა შეიძლება ერთი და იგივე სამშენებლო ბლოკებისგან იყოს წარმოქმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტები, რომლებსაც იგივე ოდენობის წყალი და ნახშირბადი აქვთ, რაც დედამიწას (შესაბამისად, უნდა წარმოადგენდეს სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პოტენციურ ადგილებს), ჩვენს გალაქტიკაში სხვა ვარსკვლავთა გარშემოც ხშირად უნდა ჩნდებოდნენ, თუკი ტემპერატურა შესაფერისია“, — ამბობს იოჰანსენი.
თუ ჩვენს გალაქტიკაში პლანეტებს იგივე სამშენებლო ბლოკები და ტემპერატურა აქვთ, რაც დედამიწას, უნდა არსებობდეს იმის კარგი შანსიც, რომ იგივე ოდენობის წყალი და კონტინენტებიც ჰქონდეთ, რაც ჩვენს პლანეტას.
„ჩვენი მოდელების მიხედვით, ყველა პლანეტა ერთი და იმავე ოდენობის წყალს იღებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სხვა პლანეტებს შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ დედამიწის ოდენობის წყალი და ოკეანეები, არამედ იმავე მოცულობის კონტინენტებიც, რაც ჩვენს პლანეტას აქვს. ეს კი სიცოცხლის აღმოცენების კარგ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პროფესორი მარტინ ბიზარო.
მეორე მხრივ, თუ პლანეტებზე წყლის რაოდენობა შემთხვევითია, ისინი შეიძლება სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდნენ. ზოგიერთი პლანეტა შეიძლება ძალიან მშრალი იყოს სიცოცხლის განვითარებისთვის, ზოგი კი სრულიად წყლით იყოს დაფარული.
„წყლით დაფარული პლანეტა, რა თქმა უნდა, კარგი იქნება წყლის არსებათათვის, მაგრამ იდეალურზე ნაკლებ გარემო პირობებს შესთავაზებს ისეთი ცივილიზაციის აღმოცენებას, რომელსაც სამყაროზე დაკვირვება შეეძლება“, — ამბობს იოჰანსენი.
ანდერს იოჰანსენი და მისი კოლეგები იმედის თვალით უყურებენ შემდეგი თაობის კოსმოსურ ტელესკოპებს, რომლებიც სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ პლანეტებზე დაკვირვების გაცილებით უკეთეს შესაძლებლობებს მოგვცემს.
„ახალი ტელესკოპები უმძლავრესია. იყენებენ სპექტროსკოპიას, რაც იმას ნიშნავს, რომ გავარკვევთ, რომელი ტიპის სინათლეს ბლოკავს ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას პლანეტა და ამით იმას დავადგენთ, რამდენი წყლის ორთქლია მასზე წარმოდგენილი. ამით გარკვეულ ცნობებს მივიღებთ კონკრეტულ პლანეტაზე ოკეანეთა მოცულობის შესახებაც“, — ამბობს ამბობს კვლევის ავტორი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმაციის ცენტრის პროფესორი ანდერს იოჰანსენი.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.