ირმა პავლიაშვილი - წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად მთავრობის განკარგულება დადებითად უნდა შეფასდეს
ირმა პავლიაშვილი - წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად მთავრობის განკარგულება დადებითად უნდა შეფასდეს

წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად მთავრობის განკარგულება დადებითად უნდა შეფასდეს, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის განკარგულებაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ღონისძიებები, რომლებზეც მთავრობის განკარგულებაშია მითითებული, რეალურად შესრულდეს.

„მნიშვნელოვანია, მოხდეს მოხდეს საჯარო მოსამსახურეების ინფორმირება, რა აკრძალვებია წინა საარჩევნო პერიოდში და პასუხისმგებლობის რა ზომები იქნება დაკისრებული, თუ საჯარო მოსამასახურეები დაარღვევენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უკანანონო აგიტაციის ან ამომრჩეველთა მოსყიდვის კუთხით, თუმცა მეორე ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ მოხდება უკვე პრაქტიკაში მისი მოქმედება და რამდენად მოახდენენ შესაბამის და ადეკვატურ რეაგირებას ის უწყებები, რომლებიც გამოკვეთენ მსგავსი ტიპის დარღვევებს“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული, რათა იზრუნოს პრევენციულ ღონისძიებებზე და საარჩევნო გარემოს თანასწორობაზე.

„ალბათ ეს განაპირობა იმ ქმედებებისა და ფაქტების ხელის გულზე წამოწევამ, რაც მანამდე ხორციელდებოდა. ეს იყო  საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების კუთხით, კარგია ამ პრაქტიკის დანერგვა, რომელიც სწორედ საჯარო მოსამსახურეების ინფორმირებას ემსახურება და მათ ეცოდინებათ თავიანთი უფლებები და ვალდებულებები, რომელიც ამ პერიოდში აკისრიათ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები წინა არჩევნების პერიოდშიც არაერთხელ იყო, როდესაც უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში რეკომენდაცია გამოიცა და შემდგომ ეს რეკომენდაციები ინსტრუქციების დონეზე სავალდებულო შესასრულებელი იყო სხვადასხვა უწყების მხრიდან და საჯარო მოსამსახურეებისთვის. ნამდვილად დადებითი და პოზიტიური ნაბიჯია და ვნახოთ, პრაქტიკაში როგორ იმუშავებს, რამდენად რეალურად მოხდება სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ფაქტების გამოვლენის დროს, რომლებშიც საჯარო მოსამსახურეები მონაწილეობენ“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება გამოიცა.