ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს
„ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა და პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხის გამოძიება მოსთხოვა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მას საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან აქვს ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულის შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და ფინანსურ საკითხებს უშუალოდ მასთან გადიან, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.
ირმა ნადირაშვილის თქმით მსგავსი ტიპის ინფორმაცია გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს. დეპუტატმა აღნიშნული შინაარსის განცხადება პროკურატურას ჩააბარა.
„საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურისადმი მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342).
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია არანაირად არ იყო ჩართული შეწყალების პროცესში.