სალომე ზურაბიშვილი - შეწყალება არის შეფასება ადამიანის მიერ, რომელიც ამავე დროს არის პრეზიდენტი და არც გამორიცხავს შეცდომას
სალომე ზურაბიშვილი - შეწყალება არის შეფასება ადამიანის მიერ, რომელიც ამავე დროს არის პრეზიდენტი და არც გამორიცხავს შეცდომას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ შეწყალების პროცესში შეცდომა იყო დაშვებული, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება, არც რომელიმე სასამართლოს რევიზია, ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება.

„ჩავთვალე, რომ საჭიროა, კიდევ ერთხელ თქვენი მეშვეობით მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მისი წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება შფოთავს რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებებზე. მინდა, ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის ვინმეს გამართლება, არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი, რაღაც მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება, ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, მოცემულობისა და შეფასება იმ ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, რომელიც არც გამორიცხავს შეცდომას და არც გამორიცხავს, რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმ გარემოებებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია არანაირად არ იყო ჩართული შეწყალების პროცესში.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე შეწყალების გადაწყვეტილებებში. მათ შორის ჩემს საპარლამენტო მდივანზე, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად, არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არ მიმიღია რჩევა. არ არის მისი კომპეტენცია და არ შეიძლება, რომ გარეული იყოს, მით უმეტეს, როცა ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ასე რომ, ეს გამორიცხულია და მასზე, თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში სპეკულაციები უთუოდ უნდა დამთავრდეს, რამეთუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე დღეს მორატორიუმი გამოაცხადა.

ამასთან, დღეს დაანონსებული იყო, რომ ბრიფინგს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამართავდა, თუმცა მედიასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარდგა და განცხადება გააკეთა.

დატოვე კომენტარი