ირმა ნადირაშვილი -  „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს, პარლამენტში გავრცელებულ სუნზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ
ირმა ნადირაშვილი - „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს, პარლამენტში გავრცელებულ სუნზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ

„ევროპული საქართველოს“  წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას არ იღებს. ნადირაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მისკენ ხელს უაპელაციოდ იშვერენ, რაც მიუღებელია.

„გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომლებიც მოვისმინე ჩემი კოლეგების მხრიდან. მგონი, ბატონმა ჩემმა კოლეგებმა, „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს, როცა ხელს იშვერენ ჩემზე. არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე. მე დღეს ვიყავი კომიტეტზეც, შემდეგ სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება, იღებდნენ თუ არა დამოუკიდბელი დეპუტატები კენჭისყრაში მონაწილეობას. როცა შევედი, ქალბატონ ნატო ჩხეიძესთან შევჩერდი ალბათ 30 წამით, ვკითხე და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხულია, უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება. არც კი მინდა, ამას სერიოზულად მივუდგე. ჩემთვის წარმოუდგენელია, რაც ხდება. არსებობს კამერების ჩანაწერები, როგორც ვნახე გამოიძახეს ექსპერტები, კრიმინალისტები, დაადგინონ, როგორც მდინარაძე ეთერიდან დამპირდა, მობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს ასე უაპელაციოდ რომ ახსენებს ჩემს სახელს. ვნახე, რომ განცხადება გაავრცელა „სირცხვილიამ “და თქვა, რომ მათი პასუხისმგებლობის ქვეშაა პარლამენტში დაყენებული სუნი. ძალიან უხერხულ და სასაცილო ვითარებაში იგდებენ თავს ჩემი კოლეგები, როდესაც ასე უაპელაციოდ იშვერენ ხელს, იმის ნაცვლად, რომ დღეს იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომელიც არის ქვეყანაში. 16 ადამიანი დაიჭირეს დილას და ამ წუთებამდე ვეძებთ, ისიც კი ვერ გავარკვიეთ, სად წაიყვანეს, სად გადამალეს, ზოგი სად ჩამოაგდეს, ზოგი რომელ იზოლატორშია გადაყვანილი და თუ სუნზე, მოწამვლაზეა საუბარი, დიახ, მე მქონდა ასეთი პრობლემა და მქონდა 20-ში, როდესაც გაზისგან მოვიწამლე, სასწრაფოს მანქანაში აღმოვჩნდი. არ მგონია, სერიოზული იყოს ასეთი ქმედება და უაპელაციოდ ხელის გამოშვერა. უბრალოდ სასაცილოა, როგორც იქცევიან“ ,-  განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მომხდარის სამართლებრივ გაგრძელებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ნადირაშვილმა უპასუხა, რომ არ გამორიცხავს, ბრალი წაუყენონ.

„მას შემდეგ, რაც გუშინ მოვისმინე, რომ გიგი უგულავამ ძიუდოისტი ცემა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება ამ შეშლილი ხელისუფლებისგან. ისინი ეჭიდებიან საკუთარ სკამებს და ასეთ სასაცილო ვითარებაში აღმოჩნდნენ. თუკი შეუძლიათ, რომ გიგი უგულავას წაუყენონ ბრალი ძიუდოისტის ცემაზე, მეც შეიძლება წამიყენონ ბრალი იმაზე, რომ პარლამენტში ცუდი სუნი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სისულელე ძალიან მალე დამტკიცდება, რომ ასე არ არის, მითუმეტეს მთელი ჯარი გამოიძახეს. კი ბატონო, შეამოწმონ“ ,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. ირმა ნადირაშვილის გვარი ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემაც.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.