ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი უნდა გაუქმდეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი უნდა გაუქმდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში ინაშვილი ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ძირეული რეფორმის გატარება უნდა მოხდეს.
„არ შეიძლება, მოსამართლეები უვადოდ დაუდევრად დაინიშნონ. განსაკუთრებით ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არის და რომელთაც, არაერთი მკვლელი განაჩენი აქვთ გამოტანილი. ეს განაჩენები არის ქართული სასამართლოს არქივში. არაერთი ისეთი განაჩენია, რომელმაც სულხან მოლაშვილის ოჯახი გაანადგურა. ეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არათუ უნდა შეჩერდეს, ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან ქართული სახელმწიფო და სასამართლო ამისთვის მზად არ არის”, – განაცხადა ინაშვილმა.
ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.