ირმა ინაშვილი - ნატო ჩხეიძე ამ ეტაპზე ფრაქციაში რჩება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ის ფრაქციიდანაც წავა, ტრაგედია არ იქნება
ირმა ინაშვილი - ნატო ჩხეიძე ამ ეტაპზე ფრაქციაში რჩება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ის ფრაქციიდანაც წავა, ტრაგედია არ იქნება

კონსულტაციები არავისთან მიმდინარეობს, ნატო ჩხეიძე პარტიიდან წავიდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ფრაქციაში რჩება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ის ფრაქციიდან წავა, ტრაგედია არ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„მინდა, უფრო საღად ვუყურებდეთ ცხოვრებასაც, პოლიტიკასაც და საერთოდ, რეალობას. დავრჩებით დამოუკიდებელ დეპუტატებად?! ისევ ერთი გუნდი ვიქნებით, ისევ საქართველოს პატრიოტები ვიქნებით და ხელისუფლებას ისევ შევუტევთ, თუ გვაკადრებენ და მარიხუანას პლანტაციებსა და მსგავსი ტიპის კანონპროექტებს შემოიტანენ“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამ განცხადებით ირმა ინაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას გააკეთებს ის ფრაქციის შენარჩუნებისთვის, რადგან ფრაქცია დაშლის ზღვარზეა და შესაძლებელია თუ არა, ფრაქციის შესანარჩუნებლად კონსულტაციები უმრავლესობის რომელიმე დეპუტატთანაც აწარმოოს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დატოვებს თუ არა ის ვიცე-სპიკერის თანამდებობას იმ შემთხვევაში, თუ ფრაქცია დაიშლება, ინაშვილმა განაცხადა, რომ რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს და ის ასეთი გადაწყვეტილების საშუალებას არ იძლევა. 

„მე პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, თუ კენჭს მიყრიან და გადამირჩევენ. მიყარონ კენჭი და გადამირჩიონ. ველოდები, ვინ აწევს ხელს, რომ გადამაყენონ. მე რიგითი დეპუტატის სტატუსიდან და პოსტიდანაც თავისუფლად შემიძლია ვიმოქმედო და გავიტანო ის, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა დონის კომუნიკაცია ჰქონდა მას ქალბატონ ნატო ჩხეიძესთან „ომეგას“ საკითხზე, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ „ომეგას“ პროცესს ქალბატონი ნატო ჩხეიძე მართავდა და მართავს, მაგრამ ამ პროცესის შესახებ ის ინფორმირებული არ იყო.

„როდესაც პარტიამ განცხადება უნდა შეადგინოს, ეს სერიოზული აქტია და ეს განცხადება აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული იმ თანაგუნდელთან, რომელიც პროცესს მართავს. სამწუხაროდ, შემდეგ ქალბატონი ნატო აღარ დამეკონტაქტა, რომ განცხადების ტექსტს გაცნობოდა და რაღაც პატარა გაუგებრობა მოხდა, მაგრამ არა უშავს. ცხოვრებასა და პოლიტიკაში ყველაფერი ხდება“, – განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში, მას ნატო ჩხეიძესთან ძალიან საინტერესო თანამშრომლობა ჰქონდა და ეს მომავალშიც ასე იქნება.

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა.