ირმა ინაშვილი - მინდა, საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების წინადადება, გარანტიები და მექანიზმები ნაბეჭდი სახით ვნახო
პოლიტიკური სპექტრის ამოცანა დღეს შეთანხმება, კონსენსუსი და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლება საუბრობს სხვადასხვა წინადადებაზე. გამოიკვეთა ერთ-ერთი -110/40-ზე. ინაშვილის თქმით, აუცილებელია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი.
„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა იყო 135/15-ზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვითვალისწინებდით სამხარეო პრინციპს, როდესაც მაჟორიტარების განაწილების ყველა მხარე იქნებოდა მოცული, პლუს თბილისი სამი მაჟორიტარით წარმოდგენილი. ასევე, ჩვენი მოთხოვნა იყო და დღესაც რჩება სავალდებულო მონაწილეობა არჩევნებში. მრავალი წელია, ამაზე ვსაუბრობთ და პლუს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება გახდეს სისხლის სამართლის კანონის კატეგორიის დანაშაული.
დღეს ხელისუფლება და უმრავლესობა საუბრობს სხვადასხვა წინადადებაზე. ერთ-ერთი, რაც გამოიკვეთა, არის 110/40-ზე, რომლის გარშემო მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენც ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ე.წ. ჩამკეტი მექანიზმები. კარგი იქნება, თუ ჩვენ ნაბეჭდი სახით გავეცნობით უმრავლესობის მიერ წარდგენილ პროექტს, რათა გვქონდეს ზუსტი ხედვა, რა შეთავაზებაზეა საუბარი, გავაანალიზოთ და ჩვენი შენიშვნები გავუზიაროთ. დღეს პოლიტიკური სპექტრის ამოცანა უნდა იყოს პოლიტიკური საქმიანობის შეთანხმება, კონსენსუსი და გაგრძელება“, – განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი გონივრული გადაწყვეტილების მიღებაა.
„გონივრული გადაწყვეტილების მიღება დღეს შეუძლია უმრავლესობას, რომელიც არის ხელისუფლება. უმრავლესობის წინადადება უნდა იყოს გარანტირებული და ამ გარანტიებით იყოს დატვირთული კანონპროექტი, რომელიც იქნება შემოთავაზებული. მაქსიმალური მოცულობა უნდა ჰქონდეს პროპორციულ ნაწილს და შეზღუდული უნდა იყოს მაჟორიტარული ნაწილი. 100/50-ზე ჩვენ ვისაუბრეთ და იყო მიუღებელი, მისაღებია 135/15-ზე, 130/20-ზე, 125/25-ზე, მიუღებელი იყო 110/40-ზე, მაგრამ დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ ექნება მყარი ბერკეტები, ჩაკეტოს სისტემა ისე, რომ არ მისცეს გასაქანი მაჟორიტარულ ნაწილს და საკუთარი თავიც შეიზღუდოს. ახლა მინდა ეს გარანტიები და მექანიზმები უკვე ნაბეჭდი სახით ვნახო და არა სიტყვიერი მოლაპარაკებების ფარგლებში“, – აცხადებს ინაშვილი.
რაც შეეხება ბარიერს, ირმა ინაშვილის თქმით, მათი მოთხოვნა 3-პროცენტიანი ბარიერია, საარჩევნო ბლოკებისთვის კი, 5-პროცენტიანი.
„ჩვენ ვითხოვთ, ბარიერი 3-პროცენტიანი იყოა, ხოლო ბლოკებისთვის – 5-პროცენტიანი. ეს არის ჩვენი წინადადება და მოთხოვნა. ჩვენ ვასახელებთ ბარიერს. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს. ბარიერი უნდა იყოს 3-პროცენტიანი. 3 პროცენტის გადალახვა თუ არ შეგიძლია და ბლოკის სისტემით 5 პროცენტის გადალახვა, მაშინ რა გინდა პარლამენტში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.