ირმა ინაშვილი - იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც უგულავა კიდევ გამოდის და ჭკუას გვარიგებს, ფაროსანას როგორ ვებრძოლოთ
პრემიერ-მინისტრი მსოფლმხედველობრივად ჩემი ტიპის პოლიტიკოსებისა და ქართველი ხალხის მხარეს რომ ყოფილიყო, დღეს ამ რეალობის წინაშე არ ვიქნებოდით, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„დღეს სულ სხვა, ახალი ტიპის კოჰაბიტაციაა გამოცხადებული და ბოკერიასთან რომ ახალი ტიპის კოჰაბიტაცია შედგა, ამაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, პრემიერ კვირიკაშვილს ეკისრება. ეს ახალი საფეხურია. „ქართული ოცნების“ ლიდერები კოჰაბიტაციაში უკვე დაიხვეწნენ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულება მეორედ განხორციელდა, როცა „ქართული ოცნების“ ელიტა ბოკერიასთან გარიგდა”, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, ბოკერიას გუნდთან კოჰაბიტაციის პროცესი იმით დაიწყო, რომ კეზერაშვილი, რომელიც ამ პოლიტიკური ფრთის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია, ყველანაირი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.
„შემდეგ, პარლამენტში ესენი ვითომ გაიყვნენ, თითქოს, ბოკერია-უგულავა და სხვები კრისტალური სახეებია, მაგრამ სინამდვილეში, ეს აბსოლუტურად დაგეგმილი პროცესი იყო, რომელსაც თავად ბოკერია დირიჟორობდა“, – განაცხადა ინაშვილმა.
როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ბოკერიას დაფინანსებულმა ლობისტებმა, მისი ინიციატივითვე, კვირიკაშვილის მთავრობას აზრი ჩააწოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სივრციდან გარიყვა უნდა მომხდარიყო, სამაგიეროდ კი უგულავა-ბოკერია და სხვა პირები უნდა დაწინაურებულიყვნენ.
ინაშვილის ვარაუდით, ვანი-ხონის ოლქში შუალედურ არჩევნებში პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გავა, მეორეზე კი, მცირე სხვაობით – უგულავა, რათა დაფიქსირდეს, რომ ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფი მთავარი ოპოზიციური ძალაა.
„იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც უგულავა კიდევ გამოდის და ჭკუას გვარიგებს, ფაროსანას როგორ ვებრძოლოთ. ეს სამარცხვინო არ არის?! ამ ხალხს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და იმის მაგივრად, რომ პასუხი ეგოთ, ბოკერიასთან ერთად პარლამენტში არიან წამოსკუპებული და მონოლოგებს გვიკითხავენ, ქართული დემოკრატია როგორ უნდა განვითარდეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.