ირმა ინაშვილი - ემზარ კვიციანს დღეს აქვს თავისი გეგმები, მას არ უნდა, რომ პარტია დარტყმის ქვეშ დააყენოს
ემზარ კვიციანს დღეს აქვს თავისი გეგმები, მას არ უნდა, პარტია დააყენოს დარტყმის ქვეშ, უნდა იმოქმედოს დამოუკიდებლად, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ უფრო ეფექტურად განახორციელებს საკუთარ გეგმებს დამოუკიდებლად.
„ემზარ კვიციანი არის ჩემი და ჩვენი უახლოესი მეგობარი, თანამებრძოლი. მე ვაფასებ მასთან ერთად გატარებულ წლებს. ეს იყო ბრძოლის წლები. მე საერთოდ ვაფასებ კვიციანების ოჯახის დამსახურებას ქვეყნის წინაშე. ვიდრე კვიციანი იცავდა კოდორს, კოდორი იყო ჩვენი და როცა კვიციანები განდევნეს კოდორიდან, კოდორი ჩაბარდა.
ემზარ კვიციანს დღეს აქვს თავისი გეგმები, მას არ უნდა პარტია დააყენოს დარტყმის ქვეშ, უნდა იმოქმედოს დამოუკიდებლად. მოგეხსენებათ, პარტიაში არსებობს პარტიული დისციპლინა, რომელსაც იმის მიუხედავად, რომ ვართ თავისუფალი ადამიანები, მაინც ვემორჩილებით. ემზარი დღეს დგას მისი კონკრეტული გეგმების წინაშე.
მე მას ვუსურვებ წარმატებას და როცა დასჭირდება, სადაც დასჭირდება მე და ჩვენი გუნდი ვიქნებით მის გვერდში. არავითარი პრობლემა არ ყოფილა, არც პარტიული დისციპლინის სინამდვილეში, რადგან ეს არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია, უბრალოდ ემზარს აქვს თავისი გეგმები. ის ფიქრობს, რომ უფრო ეფექტურად განახორციელებს ამ გეგმებს დამოუკიდებლად.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნები მას ერთად გატარებული წლებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეგობრობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ემზარ კვიციანმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს.