ირმა ინაშვილი - დიპლომატების პოზიცია არის, დიალოგი გაგრძელდეს და პოლიტიკური სპექტრი რაღაც კონსენსუსამდე მივიდეს
როგორც წესი, დიპლომატების პოზიცია არის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და პოლიტიკური სპექტრი რაღაც კონსენსუსამდე მივიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრაზე გერმანულ მოდელთან დაკავშირებით საუბარი თეორიულ ჭრილში წარიმართა.
„ამ ნაწილში მიდიოდა საუბარი ძირითადად თეორიულ ჭრილში, ანუ ესადაგება თუ არ ესადაგება კონსტიტუციას წარმოდგენილი მოდელი, საუბარია გერმანულ მოდელზე, მაგრამ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები, პოლიტიკური გადაწყვეტილება – მზად არის თუ არა ხელისუფლება და უმრავლესობა, რომ წამოვიდეს ჯანსაღ ცვლილებებზე. როგორც წესი, დიპლომატების პოზიცია არის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და რაღაც კონსენსუსამდე მივიდეს პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა ინაშვილმა.
ამასთან, ვიცე-სპიკერი შეხვედრასთან დაკავშირებით პროგნოზს ჯერჯერობით ვერ აკეთებს.
„ჯერჯერობით მიჭირს რამე პროგნოზის გაკეთება, თუმცა უნდა ითქვას, რომ აი ახლა, დღეს წარმოდგენილი უმრავლესობა, ხაზს უსვამდა იმას, რომ მზად არის პროპორციულ სისტემას დაუჭიროს მხარი და თუ მზად არიან, ჩვენც ვეუბნებით და კონკრეტულად „პატრიოტთა ალიანსი“, რომ დავიწყოთ ცვლილებების განხორციელება და გადავიდეთ ამ სისტემაზე 2020 წლიდან, რადგან 2024, 2028, 2036 და ცხოვრება გავიდა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, დიპლომატების მონაწილეობით, 10:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. შეხვედრა ირმა ინაშვილმა უკვე დატოვა, რადგან როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 18:00 საათზე „პატრიოტთა ალიანსს“ სპორტის სასახლეში შეხვედრა აქვს დაგეგმილი.