ირმა ინაშვილი - ციხის კადრების გასაჯაროება დანაშაულის მხილებაა, ამის კომპრომატად გამოცხადება, რასაც სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფები აკეთებენ, ცალკე დანაშაულია
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიებისა და ზოგიერთი ტელევიზიის მიერ 2012 წელს გავრცელებული ციხის კადრების კომპრომატად წარმოჩენა დანაშაულია.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ციხის კადრებით დადასტურდა, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა მასობრივი წამება ხდებოდა, რასაც 2012 წელს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.
ინაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ციხეებში არსებული ვითარება მიხეილ სააკაშვილმა სისტემის მარცხად აღიარა, დღეს კი ოპოზიცია ციხის კადრებს კომპრომატს უწოდებს, დანაშაულია, რაზეც პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „მწამებელთა პარტიის წევრები არ დასაჯა“.
„ტრაგიკომედიაა, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ციხის კადრების გასაჯაროება დანაშაულის მხილებაა. ამის კომპტომატად გამოცხადება ცალკე დანაშაულია, რასაც აკეთებენ სააკაშვილი- ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები და მათთან დაკავშირებული ტელევიზიები. სისტემური მარცხი – ასე აღიარა სააკაშვილმა, რაც ქართულ ციხეებში ხდებოდა. ეს იყო სადიზმი. ადამიანის უფლებების დამცველმა ყველა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადებები, რომ პატიმრების წამებას ჰქონდა მასობრივი ხასიათი. გაოგნებული ვარ, რომ რვა წლის შემდეგ ამაზე მიწევს კომენტარები. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია ის ვაკქანალია, რაც ხდება.
იმიტომ უნდა გავიმარჯვოთ, რომ დავსაჯოთ როგორც დამნაშავეები, ასევე მათთვის ხელის დამფარებლები“, – განაცხადა ინაშვილმა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.