ირმა ინაშვილი - ბრაიზები და კრამერები საქართველოს დირექტორები არ არიან
მეთიუ ბრაიზამ გუშინ გამოაცხო ახალი ტყუილი, თითქოს მე პიჯაკი დავუზიანე კონფერენციის ორგანიზატორ ნინო ევგენიძეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამარცხვინო ტყუილისა და მასთან დაკავშირებული ცილისწამების გამო, მეთიუ ბრაიზა პასუხს აუცილებლად აგებს.
ინაშვილის განცხადებით, მიმართა არამარტო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ სამართლებრივად იმოქმედებს აშშ-იც.
„მეთიუ ბრაიზამ გუშინ გამოაცხო ახალი ტყუილი. მაბრალებდა, რომ მე 10 სექტემბერს შეურაცხყოფა მივაყენე კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ნინო ევგენიძეს და ვციტირებ, ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა. როდესაც მოვითხოვე გამოძიების დაწყება და ვიდეოკადრების ამოღება, როგორც მტკიცებულებების, რომ მსგავსი არაფერი ხდებოდა, ეტყობა, ბატონიო ბრაიზა აცახცახდა და კარგია, რომ აცახცახდა. საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა და ჩვენს მოქალაქეს იცავს კანონი. მან ახალი ტყუილი გამოაცხო, თითქოს მე პიჯაკი დავუზიანე კონფერენციის ორგანიზატორს. ევგენიძეს მაშინ პიჯაკი არ ეცვა, ეცვა თხელი კაბა. შესაბამისად, არ არსებულ პიჯაკს, რომელიც არ ეცვა, ვერ დავუზიანებდი. ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ასეთი ცილისწამება და ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, ბრაიზები და კრამერები საქართველოს დირექტორები არ არიან და ჩვენ მათი საცდელი ლაბორატორია არ ვართ. ამიტომ დღის 16:00 საათზე ამერიკის საელჩოსთან ვიკრიბებით.
ასევე ადვილად წარმოსადგენია, საქართველო-ნატოს ურთიერთობებში და საერთოდ, საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებში როგორი სიმართლით მონაწილეობას ასეთი ცრუპენტელა და მატყუარა ადამიანი. მინდა ვუთხრა ბრაიზას, რომ მივმართეთ არამარტო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ სამართლებრივად ვიმოქმედებთ აშშ-იც“, – განაცხადა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურისგან 10 სექტემბრის ინციდენტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.