ირმა ინაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურისგან 10 სექტემბრის ინციდენტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს 
ირმა ინაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურისგან 10 სექტემბრის ინციდენტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს 

ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას კომენტარი, თითქოს მე დავფხაჭნე თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი ნინო ევგენიძე, ეს არის სამარცხვინო ცილისწამება და ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, სამარცხვინო ტყუილისა და მასთან დაკავშირებული ცილისწამების გამო, მეთიუ ბრაიზა პასუხს აუცილებლად აგებს.

ამასთან, ინაშვილი მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება იმ ცილისწამებაზე, ტყუილსა და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რომელიც კონფერენციაზე მოხდა და დაიკითხოს ყველა, ვინც იმ დღეს დარბაზში იმყოფებოდა.

„სასტუმრო „რუმსში“ კონფერენციაზე მე არ შევჭრილვარ. მივედი მარტო, შესვენებისას, რომ ხელი არავისთვის შემეშალა და გავსაუბრებოდი აქციის ორგანიზატორებს. საკონფერენციო დარბაზში შესვლისთანავე, ჟურნალისტები მომსწრეები არიან, შევხვდი კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ნინო ევგენიძეს, რომელსაც მრავალი წელია, კარგად ვიცნობ, ერთმანეთი გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ. ვკითხე მას, ვინ არის ორგანიზატორი და შემიძლია თუ არა დასწრება, ვინაიდან წინა დღით, გიგა ბოკერიას მოხსენება მთლიანად დაეთმო „პატრიოტთა ალიანსს“, ჩვენზე ცილისწამებას, ტყუილის ტირაჟირებას. ეს ფაქტი რომ არ ყოფილიყო, საერთოდ არ მივიდოდი კონფერენციაზე. მეტს გეტყვით, როდესაც ცალმხრივად შენზე საუბრობენ საერთაშორისო დონის კონფერენციაზე, ორგანიზატორები ვალდებული არიან, შენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის და პარტიის წარმომადგენელი, მოგიწვიონ, დაგპატიჟონ და მოგცენ საშუალება, გააკეთო მოხსენება. ასეთი შემოთავაზება ორგანიზატორების მხრიდან არ ყოფილა. შესაბამისად, ხაზს ვუსვამ, რომ მარტო მივედი სასტუმრო „რუმსში“. მედიაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია ვრცელდება და წავიკითხე ისიც, თითქოს პატრიოტთა ალიანსი მიიჭრა. პატრიოტთა ალიანსი არავისთან არსად არ შევარდნილა, მე ირმა ინაშვილი მივედი როგორც პარლამენტის წევრი და პარლამენტის  თავმჯდომარის მოადგილე და არა პარტია პატრიოტთა ალიანსი, თავისი მრავალათასიანი მხარდამჭერებით. ჩვენ რომ პროვოკაციის მოწყობა გვქონოდა ჩაფიქრებული, მთლიანად გადავკეტავდით ფილარმონიიდან ბელინსკის ჩათვლით მთელ ტერიტორიას. მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, პროვოკაციაზე საუბარი ზედმეტია. ამ ფაქტის შემდეგ არა ერთი კომენტარი წავიკითხე, ძირითად შემთხვევაში დეზინფორმაცია.

ამასთან, მინდა, კონკრეტულად გამოვეხმაურო მეთიუ ბრაიზას კომენტარს, თითქოს მე დავფხაჭნე კონფერენციის ორგანიზატორი ქალბატონი ევგენიძე და თურმე ამის გამო, მის ქვეყანაში მე ციხეში გამიშვებდნენ. ეს არის სამარცხვინო ცილისწამება და ტყუილი. მე რომ ვინმე დამეფხაჭნა, მაშინვე გაავრცელებდა ვიდეოს, მოგეხსენებათ, დარბაზში უამრავი ჩემი მოწინააღმდეგე და მტერი იყო შეიარაღებული, მათ შორის ჩერგოლეიშვილი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მიღებდა და თავისუფლად გაავრცელებდნენ კადრებს, როგორც მტკიცებულებას, რომ მე დავაზიანე ევგენიძე. ეს რა თქმა უნდა, სამარცხვინო ტყუილია, რადგან თუ მე დავფხაჭნე ნინო ევგენიძე, მაშინ მას ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა და უმალ უნდა გამოეძახებინა პატრული, რომელიც ბელინსკის ქუჩაზე უხვად იყო მობილიზებული და გაეკეთებინა კომენტარი ამ თემაზე. კარგად გახსოვს, რომ ის მშვიდად, ღიმილით აკეთებდა კომენტარს ჩემთან დაკავშირებით და არც ერთი თქვენგანისთვის არ უთქვამს, რომ ის ვინმემ დაფხაჭნა.

ახლა ბრაიზას მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, საქართველოს წინაშე მას არა ერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს დამტკიცდება, დრო მოვა. პირველ რიგში, სააკაშვილის რეჟიმის გათეთრებას, რასაც ემსახურებოდა მრავალი წლის მანძილზე მეთიუ ბრაიზა. ამ სამარცხვინო ტყუილისა და ჩემთან დაკავშირებული ცილისწამების გამო, პასუხს აუცილებლად აგებს. მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ამ ცილისწამებასა და ტყუილთან დაკავშირებით, დაიკითხოს ყველა დამსწრე, ვინც იმ წუთებში დარბაზში იყო, დაიკითხოს დევიდ კრამერიც, ნინო ევგენიძეც და ყველა დანარჩენი და ყველამ აგოს პასუხის ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რადგან ამ დარბაზში ხელით მე, საქართველოს პარლამენტის წევრს შემეხო ბატონი კრამერი და სხვათა შორის, ევგენიძეც. მე ხელით არავის შევხებივარ, კარგად გახსოვთ, ღიმილით ვუყურებდი იქ მომხდარ ძალიან არასასიამოვნო ინციდენტს.

პროკურატურას მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაიწყოს ამ გამოძიების წარმართვა. სასტუმრო „რუმსიდან“ ამოიღოს ვიდეოკადრები, როგორც მტკიცებულება. დაიკითხოს ყველა მოწმე, მათ შორის თარჯიმანიც, რომელიც იყო ერთ-ერთი ფიგურანტი და დარბაზიდან ჟურნალისტების გაყრის ერთ-ერთი ინიციატორი, არა მარტო თარჯიმანი. სხვათა შორის არასწორად თარგმნიდა, ეს თარჯიმნის მხრიდან არაპროფესიონალიზმის გამოხატულებაა. ბრაიზას ვეუბნები, მათ ქვეყანაში მე კი არ დამიჭერდნენ, მათ ქვეყანაში მომცემდნენ საშუალებას, როგორც სენატორს თუ კონგრესმენს თავისუფლად მიმეღო მონაწილეობა იმ კონფერენციაში, მათ ქვეყანაში მე სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას არ წამართმევდნენ, მე ხელით ვერ შემეხებოდა უცხო ქვეყნიდან ჩასული დიპლომატი, ექსპერტი თუ სტუმარი. რაც არის უხეში ხელყოფა, უპატივცემულობა იმ ქვეყნის კონსტიტუციის, პარლამენტის, იმ ქვეყნის ხალხის“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.