ირმა ინაშვილი - ბიზნესმენები, რომლებმაც პარლამენტში შესვლის შესახებ განაცხადეს, არ იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები, წევრი იყო მხოლოდ ფრიდონ ინჯია, რომელმაც დაწერა განცხადება პარტიის დატოვებაზე
ბიზნესმენები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შევლენ პარლამენტში, არ იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები, პარტიის წევრი იყო მხოლოდ ფრიდონ ინჯია, რომელმაც დაწერა განცხადება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
ინაშვილის თქმით, არსებობდა სწორედ ეს შეთანხმება, რომ თუ ფრიდონ ინჯია გადაწყვეტდა პარლამენტში შესვლას, მას მოუწევდა პარტიის დატოვება.
„ჩვენი პარტიის წევრები არ შესულან პარლამენტში. რამდენჯერმე აღვნიშნე ამ დღეებში, ბიზნესმენები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შევლენ პარლამენტში, არ იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები, პარტიის წევრი იყო მარტო ფრიდონ ინჯია, რომელმაც დაწერა განცხადება. ჩვენ ზუსტად ეს შეთანხმება გვქონდა, რომ თუ ბატონი ფრიდონი გადაწყვეტდა პარლამენტში შესვლას, მას მოუწევდა პარტიის დატოვება, რადგან პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ ამბობდა, რომ არ შევა გაყალბებული გზით ფორმულირებულ პარლამენტში და ჩვენ არ შევედით“, – აღნიშნა ინაშვილმა.
ამასთან, ინაშვილის განცხადებით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, დააფუძნოს პოლიტიკური პარტია.
„რაც შეეხება ამ ბიზნესმენების განცხადებებს, არ მომისმენია და არ ვიცი, ყველა ერთად ხსნის თუ არა ერთ პარტიას. გავეცანი ბატონი ფრიდონის განცხადებას, რომელიც ახალ პარტიაზე საუბრობს, მე არაფერი ვიცი, ახალი პარტიის შესახებ ტელევიზიით გავიგე. ყველა ადამიანს აქვს უფლება, დააფუძნოს პოლიტიკური პარტია და ამ ბიზნესმენებსაც აქვთ უფლება, დააფუძნონ ან პოლიტიკური პარტია ან არასამთავრობო ორგანიზაცია. მე არ ვარ ირაკლი კობახიძე ძერჟინსკი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ მიეცეს საშუალება, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობასაც შეცვლის და აგიკრძალავთ პარტიის შექმნას, შეიძლება, მაუწყებლობებიც გამორთოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილის თქმით, ფრიდონ ინჯიას გოჩა თევდორაძესთან კომუნიკაციის დროს ახალი პარტიის საკითხზე არ უსაუბრია.
„პირადად მე არა, მაგრამ გოჩა თევდორაძეს ჰქონდა მასთან კომუნიკაცია, მას არ უსაუბრია ახალი პარტიის შექმნაზე. შესვლასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და ზუსტად ის გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ფრიდონმა, რაზეც შევთანხმდით – თუ ის შევიდოდა პარლამენტში, მაშინ პარტიას დატოვებდა. მან განცხადება დაწერა და ჩვენ დავაკმაყოფილეთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.