ირმა ინაშვილი არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩაგდებას აპროტესტებს
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩაგდებას აპროტესტებს.
როგორც ირმა ინაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტი არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ეხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
„როგორც ჩანს ამ კანონპროექტს მთელი რიგი მიზეზების გამო უმრავლესობა უფრთხის. სამწუხაროა, რომ პირველივე მოსმენაზე უმრავლესობა ძალიან საეჭვოდ აორთქლდა. კენჭისყრის პროცესს არ დაესწრო „ნაცმოძრაობის“ ორივე ფრთაც. დიდი ეჭვი მაქვს, რომ თქვენ უთხარით, კენჭისყრაში არ მიეღოთ მონაწილეობა, ანუ ჩააგდეთ, ასე გამოვიდა. თქვენ არ გაინტერესებთ მეორე განხილვამდე მაინც მივიდეს კანონპროექტი, პირველივე მოსმენაზე აგდებთ, ანუ მუხლობრივ მსჯელობაშიც არ შედიხართ. საერთოდ არ გაინტერესებთ ამ შემთხვევაში ჩვენი, როგორც ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლების ინიციატივები, ჩვენს მიერ დაყენებული საკითხები და პროექტი პირველივე მოსმენაზე ჩააგდეთ“, – განაცხდა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში დღეს ვიწრო ინტერესებზე აგებული მენეჯმენტი ჰყავს, რომელიც ბოლო პერიოდში იუსტიციის საბჭოს დაემსგავსა თავისი სტრუქტურითა და მოქმედების ტაქტიკით.
„ძალიან ცუდია ასეთი არათანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრება. თანამშრომლობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მეორე „ნაცმოძრაობასთან“ და ჩვენთან ასეთი თანამშრომლობა არ ხერხდება. ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, არ გამოდის ეს. შესაბამისად, ვამბობთ, რომ ეს მენეჯმენტი არის შესაცვლელი, ან შეცვალეთ მართვა, უფრო გახსნილები გახდით, თქვენი მხრიდან ჩვენი ინიციატივებისადმი მიმღებლობა გაიზარდოს, ან პირდაპირ გეუბნებით, მაშინ ჩვენ შეგცვლით და ჩვენ დავაყენებთ თქვენი იმპიჩმენტის საკითხს, რადგან არ შეიძლება ასე გაგრძელდეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილის განცხადებას ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა და აღნიშნა, ნებისმიერ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის ფორმატში.
„რაც შეეხება ამ კანონს, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ არ გვისაუბრია, ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ საკითხი სხდომაზე გავიდა, იმ დროს სხდომა თავმჯდომარის მოადგილეს მიჰყავდა, არ ვესწრებოდი. დამხვდა ფაქტი, რომ ეს საკითხი გატანილი ყოფილა. რომ მცოდნოდა, საკითხი გადიოდა, შეგვეძლო ამასთან დაკავშირებით წინასწარ გვქონოდა კონსულტაციები. რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ კანონს“, ჩვენ კნკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით შემუშავებული პოზიცია გვაქვს და შემეძლო თქვენთვის მეთქვა, რატომ ჰქონდა უმრავლესობას ეს პოზიცია. უმძიმესი შედეგები ექნებოდა ამ კანონის მიღებას. მზად ვარ, ამაზე დამატებით ვისაუბროთ, ისევე როგორც ნებისმიერ საკითხზე, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.