ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო კრიტერიუმები, ვის და რატომ იწყალებს პრეზიდენტი
ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო კრიტერიუმები, ვის და რატომ იწყალებს პრეზიდენტი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის მოსაზრებით, ძალიან ნათელი და მკაფიო კრიტერიუმები უნდა არსებობდეს, პრეზიდენტი ვის და რატომ იწყალებს.

როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, დღეს რაც ხდება და იმ ჯგუფის საქმიანობა, რომელიც პრეზიდენტთან შეწყალების საკითხებზე მუშაობს, არაერთ კითხვას აჩენს.

„ბევრი კითხვაა, კანონმდებლობა აუცილებლად უნდა დაიხვეწოს. კანონმდებლობის დახვეწა არ გამორიცხავს იმას, რომ პრეზიდენტს ეს პრეროგატივა კვლავ ჰქონდეს შენარჩუნებული. მექანიზმები უნდა დაიხვეწოს, რატომ ხდება კონკრეტული პირის შეწყალება. აღნიშნული საკითხი შესასწავლია და დარწმუნებულ ვარ, საკითხის შესწავლა მოხდება. რაც შეეხება იმპიჩმენტს, გადატრიალებები, რევოლუციები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ეს სააკაშვილ-ბოკერიების ნარატივია. სურვილი არ მაქვს, ამაზე კომენტარი გავაკეთო. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, შეწყალებულთა სიაში ისეთი დამნაშავეები როგორ არ მოხვდნენ, რომელთა შეწყალებასაც საზოგადოება არასდროს არ მიიღებს. ცხადია, ამაზე საზოგადოებამ და პარლამენტმა უნდა იმუშაონ, რათა ფართო კონსენსუსი შედგეს“, – განაცხადა ინაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.