ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - მუდამ ვიქნებით თქვენი და ევროკავშირისკენ თქვენი სწრაფვის მხარდამჭერი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯო მაკჰიუს და კომიტეტის წევრებს, შონ ჰოგისა და რორი ო მურქუს მოუსმინეს.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მიმართა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრების სტუმრობა საქართველოში სწორედ დღეს, როდესაც მნიშვნელოვანი განხილვები იწყება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცხადებას განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
„ეს არის მომენტი, როდესაც 27 წევრი სახელმწიფოს ხმაა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის მომენტი, როდესაც თითოეული ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არიან მთელი რიგი ქვეყნები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს სამივე ასოცირებული პარტნიორისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ერთ-ერთი ასეთი მხარდამჭერი ქვეყანა გახლავს ირლანდია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირლანდიის სენატმა გასულ კვირას საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ირლანდიამ გამოხატა საკუთარი პოზიცია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ირლანდიელ კოლეგებს და მათი სახით სრულიად ირლანდიის ხელისუფლებას, იმ მტკიცე მხარდაჭერისათვის, რომლითაც სარგებლობს საქართველო. ჩვენთვის ფასდაუდებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ევროკავშირის ლიდერები ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მქონე საკითხს განიხილავენ. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროკავშირის საბჭომ, ერთი რამ არის ცხადი: საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ არის ურყევი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე მტკიცედ სიარულს. ჩვენი მიზნების მისაღწევად, რა თქმა უნდა, პარტნიორების მხარდაჭერასა და თანადგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, იმისათვის, რომ ინტეგრაცია შედეგიანი იყოს, ქვეყანამ ბევრი მიმართულებით უნდა იმუშაოს: გააძლიეროს ხალხთა შორის კონტაქტები, გააღრმავოს ეკონომიკური კავშირები და გააძლიეროს პოლიტიკური დიალოგი არა მხოლოდ ბრიუსელთან, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მისი განცხადებით, ამ მხრივ ირლანდიასთან თანამშრომლობა სამაგალითოა.
საქართველოს პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუმ.
„პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში და ჩემი პირველი შთაბეჭდილებები საქართველოზე არის ძალიან პოზიტიური. ჩვენ მომხრენი ვართ, გაიზარდოს ევროკავშირის შემადგენლობა და მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს. ვხედავ საკმაო იმედგაცრუებას, რაც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველო გამოიყო ამ სამეულისგან, თუმცა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ეს არ არის დასასრული. ჩვენი გამოცდილებიდან, კარგად გვესმის თქვენი ამბიციისა, რომ გსურთ, გახდეთ ევროკავშირის წევრი. არ არსებობს ძალა ერთიანობის გარეშე, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს, ჩვენი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში. აქაც სწორედ თქვენს მხარდასაჭერად ჩამოვედით და ღია ვართ თქვენთან თანამშრომლობისათვის. ჩვენ მუდამ ვიქნებით თქვენი მხარდამჭერი, მხარდამჭერი თქვენი სწრაფვისა ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრებმა შონ ჰოგიმ და რორი ო მურქუმ თავიანთ გამოსვლებში ასევე დაადასტურეს, რომ ირლანდიის მხარდაჭერა საქართველოს მუდმივად ექნება, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
კომიტეტის სხდომა ამის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში, დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი.