ირლანდიაში საქართველოს საელჩომ ორგანიზება გაუწია საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას თემაზე „13 წელი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან – ზეგავლენა ევროპულ უსაფრთხოებაზე“.
ღონისძიებას მოდერატორობა გაუწია ირლანდიის თავდაცვის ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა მარკ მელეტმა, რომელიც ამჟამად ირლანდიის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი-ანალიტიკური ცენტრის „Azure Forum for Contemporary Security Strategy (CLG)“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა; ხოლო პანელურ დისკუსიაზე მოხსენებებით წარდგნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ჭუმბაძე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოადგილე ქეით ფერონი, პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან-მარკ ტუვენანი და ირლანდიური ბეჭდური და ონლაინ გამოცემის „Diplomacy in Ireland – The European Diplomat“ რედაქტორი მიჰოლ ო’ჰარლი.
მისასალმებელი სიტყვისას გიორგი ზურაბაშვილმა მიმოიხილა 2008 წელს საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგები და 13 წლის თავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ურთულესი ვითარება. მან მადლობა გადაუხადა ირლანდიურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ირლანდიის მონაწილეობისთვის. გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან როლს, სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში ჩართულობის კონტექსტში.
ქეთევან ჭუმბაძემ მიმოიხილა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მძიმე მემკვიდრეობა, რაც ევროპული უსაფრთხოებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მისი თქმით, 2008 და 2014 წლებში მოსკოვი საერთაშორისო თანამეგობრობის სიმტკიცეს ცდიდა და სწორედ ამიტომ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დასავლეთმა სათანადოდ შეაფასოს რუსეთის დესტრუქციული დღის წესრიგი და სტრატეგიული ხედვა შეიმუშაოს აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქეთევან ჭუმბაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით და ხაზი გაუსვა აშშ-ის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოსა და რეგიონში.
ქეით ფერონმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასა და როლზე სამშვიდობო პროცესში, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისა მოდერაციისა და ცხელი ხაზის ფასილიტაციაზე. მან მიმოიხილა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებზე ადამიანის უსაფრთხოებისა და უფლებების ჭრილში და განსაკუთრებით აღნიშნა ადგილობრივთა თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობა. ქეით ფერონმა აღნიშნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
ჟან-მარკ ტუვენანმა ისაუბრა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებულ მოუგვარებელ კონფლიქტებსა და აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში საერთაშორისო სამართლისა და ინსტიტუტების როლზე. ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებაზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი. ჟან-მარკ ტუვენანმა ვრცლად ისაუბრა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მოსკოვის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების საერთაშორისო სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა.
მიჰოლ ო’ჰარლიმ მიმოიხილა რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკაზე საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და დასავლეთის წინააღმდეგ. მან ხაზი გაუსვა მოსკოვის მცდელობას, დაამკვიდროს მცდარი საზოგადოებრივი ნარატივი ე.წ. ახალი რეალობისა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ მაშინ, როცა საერთაშორისო სასამართლომ რუსეთი აღნიშნული რეგიონებზე ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალად მიიჩნია. მიჰოლ ო’ჰარლის შეფასებით, რუსეთის დეზინფორმაციის პროპაგანდისტული მანქანა სერიოზულ საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
მომხსენებლების გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის დასასრულს კი დისკუსიის მოდერატორმა, ვიცე-ადმირალმა, მარკ მელეტმა ხაზი გაუსვა ცივილიზებული სამყაროს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, თავისუფლებისა და ინსტიტუტების პატივისცემის საფუძველზე ფუნქციონირების აუცილებლობას, რადგან სწორედ ეს პრინციპებია მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.