ირლანდია კორონავირუსის გამო სკოლებსა და კოლეჯებში დროებით სწავლას წყვეტს
ირლანდიის რესპუბლიკა კორონავირუსის გამო სკოლებსა და კოლეჯებში დროებით სწავლას წყვეტს.
ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შეზღუდვები 29 მარტამდე იმოქმედებს.
ამასთან ერთად, აიკრძალება შენობაში დაგეგმილი ყველა ის ღონისძიება, რომელშიც 100-ზე მეტი კაცი მონაწილეობს.
ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძება კი მხოლოდ 500 ადამიანით უნდა შემოიფარგლოს.
ამასთან ერთად, „ბიბისის“ ცნობით, ირლანდიის ხელისუფლებამ კომპანიებისთვის გასცა რეკომენდაცია, რომ თუ შესაძლებელია, თანამშრომლებმა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად იმუშაონ.
აღნიშნულ ზომებს ირლანდიის მთავრობამ მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით პირველი პაციენტი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, დაღუპული ხანდაზმული ქალი იყო. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირლანდიაში ახალი კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.