ირკვევა, რომ სპილოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ პლანეტის გადარჩენაში — #1tvმეცნიერება
გადაშენების პირას მყოფი ტყის სპილოების შენარჩუნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ამ ცხოველებისთვის, არამედ მათივე გარემოს ნახშირბადის შთამნთქმელი უნარის დასაცავად. ამას ახალი კვლევა მიუთითებს.
თუკი ეს სპილოები გადაშენდებიან, ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის წვიმის ტყე, რომელიც მეორე უდიდესი ტყეა დედამიწაზე, ნახშირბადის შთანთქმის უნარის 6-9 პროცენტს დაკარგავს, რაც კიდევ უფრო ააჩქარებს გლობალურ დათბობას.
ტყის სპილოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ნახშირბადის ციკლში, ჭამენ სიმაღლეში სწრაფად მზარდ ხეებს, რომლებიც შედარებით ნაკლებ ნახშირბადს შთანთქავენ და ამით ათხელებენ ტროპიკული ტყის „სახურავს“. შედეგად, უფრო მეტი სივრცე და მზის სინათლე ჩნდება ქვეშ არსებული ნელა მზარდი ხეებისთვის, რომლებიც გარემოდან უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავენ.
„თუ ტყის სპილოებს დავკარგავთ, დათვურ სამსახურს გავუწევთ კლიმატის ცვლილების შესუსტებას“, — ამბობს მისურის სენტ-ლუისის უნივერსიტეტის ბიოლოგი სტივენ ბლეიკი.
მისი განცხადებით, კლიმატის ცვლილების შესუსტებაში ტყის სპილოების მნიშვნელობა სერიოზულად უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებმა, რათა გაჩნდეს სპილოების კონსერვაციისთვის საჭირო მხარდაჭერა. მკვლევარი აღნიშნავს იმასაც, რომ ტყის სპილოების როლი გლობალურ გარემოში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა მოხდეს ამის უგულებელყოფა.
წინა კვლევებისა და ველში შეგროვებული ახალი ინფორმაციის გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა აფრიკაში ტყის სპილოების ჭამის მახასიათებელთა შესახებ გაკეთებული თითქმის 200 000 ჩანაწერი შეისწავლა. მონაცემები მოიცავდა მცენარის 800-ზე მეტ სახეობას.
უპირატესობა, რომელიც სპილოებს აქვთ ნახშირბადის დაბალი სიმკვრივის მქონე ხეებზე, როგორც ჩანს, დადის მათგან მიღებულ კვებით ღირებულებამდე და არა ხელმისაწვდომობამდე: ისინი ცხოველებისთვის უფრო სასიამოვნო და ადვილად მოსანელებელია.
თუმცა, ნაყოფის თვალსაზრისით, სპილოებს ნახშირბადის მაღალი შემცველობის ხეები ურჩევნიათ, რომლებსაც უფრო დიდი და ტკბილი ნაყოფი აქვთ. შედეგად, სპილოებს წვლილი შეაქვთ ნახშირბადით მკვრივი ხეების თესლების ტყის მასშტაბით გავრცელებაშიც. უფრო მეტიც, ზოგიერთი სახეობის ხე ამ ცხოველთა დახმარების გარეშე ვერც კი გადარჩებოდა.
„სპილოები დიდი ოდენობით ფოთოლს ჭამენ ბევრ ხეზე, რითაც მათ დიდ ზიანს აყენებენ. ხშირად აცლიან მთლიან ტოტს და ამონაყარსაც. როგორც ჩვენი მონაცემები აჩვენებს, ასე ძირითადად ნახშირბადის დაბალი სიმკვრივის მქონე ხეებს აზიანებენ“, — ამბობს ბლეიკი.
მისივე განცხადებით, თუკი ირგვლივ ნახშირბადის მაღალი სიმკვრივის ბევრი ხეა, სპილოების წყალობით, მათ ერთით ნაკლები კონკურენტი ჰყავთ.
მკვლევართა შეფასებით, ველურ ბუნებაში ამჟამად 500 000-ზე ნაკლები აფრიკული სპილოა დარჩენილი; გასულ საუკუნეში მათი რაოდენობა 3-5 მილიონს შეადგენდა. დრამატული შემცირების ძირითადი მიზეზია სპილოს ძვალზე ნადირობა. ზოგიერთ ზონაში გაქრა სპილოს ჯოგების 80 პროცენტი. პოპულაციის რაოდენობას ამცირებს ჰაბიტატის დაკარგვა და ადამიანი-სპილოს კონფლიქტიც.
ახალი კვლევა ხაზს უსვამს ხმელეთის უდიდესი ცხოველების — აფრიკული სპილოების დაცვის მნიშვნელობას. ამჟამად დედამიწაზე ე. წ. მეგაბალახისმჭამელების სულ 9 სახეობაა — ასე უწოდებენ ხმელეთის ბალახისმჭამელებს, რომელთა სხეულის მასაც 1000 კილოგრამს აჭარბებს. აფრიკული სპილო მათ შორის პირველია.
მკვლევართა განცხადებით, ამჟამად იმაზე გაცილებით ნაკლები მეგაბალახისმჭამელია, ვიდრე უნდა იყოს, რის შედეგსაც მწარედ იმკის ტროპიკული ტყეები. უკვე დაგეგმილია სამომავლო კვლევები სხვა რეგიონებსა და სხვა სახეობებში, რათა დადგინდეს, რა გავლენას შეიძლება ახდენდნენ ტყის სიჯანსაღეზე სხვა დიდი ბალახისმჭამელები (მაგალითად, აზიური სპილო) და პრიმატები.
„სპილოები ტყის მებაღეები არიან. ტყეში აშენებენ ნახშირბადის მაღალი სიმკვრივის მქონე ხეებს და ანადგურებენ ნახშირბადის დაბალი სიმკვრივის ხეებს. ზოგადად, უზარმაზარ შრომას ეწევიან ტყის მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად“, — ამბობს მისურის სენტ-ლუისის უნივერსიტეტის ბიოლოგი სტივენ ბლეიკი.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია slu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.