ირინა ვერეშჩუკი უკრაინელ ლტოლვილებს მოუწოდებს, დარჩნენ საზღვარგარეთ სამშობლოში რუსეთის დაბომბვის მიერ შექმნილი ენერგოკრიზისის გამო
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი უკრაინელ ლტოლვილებს მოუწოდებს, დარჩნენ საზღვარგარეთ სამშობლოში რუსეთის დაბომბვის მიერ შექმნილი ენერგოკრიზისის გამო. ამის შესახებ ვერეშჩუკმა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, უკრაინელმა ლტოლვილებმა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნებისგან გაზაფხულამდე უნდა შეიკავონ თავი.
„მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვთხოვო მათ, არ დაბრუნდნენ. ჩვენ უნდა გადავრჩეთ ამ ზამთარს. სამწუხაროდ, ელექტროქსელი ამას ვერ გადაიტანს. თქვენ ხედავთ, რას აკეთებს რუსეთი. ახლა დაბრუნება ნიშნავს თქვენი თავის, თქვენი ნათესავების რისკის წინაშე დაყენებას. ასე რომ გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს. თუ გაქვთ შესაძლებლობა, დარჩით საზღვარგარეთ, გაატარეთ ზამთარი საზღვარგარეთ. გაზაფხულზე, როდესაც ძალიან ვიმედოვნებ, ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ხარკოვის და ხერსონის რეგიონებს, ისევე როგორც დანარჩენ უკრაინას, გვსურს, რომ თქვენ უკრაინაში დაბრუნდეთ“, – მიმართა ვერეშჩუკმა უკრაინელ ლტოლვილებს.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გააქტიურეს, რის გამოც ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა. უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს.