ირინა მილორავა - მარტივი გამოსავალია, რომ გასაყიდი ბუნებრივი აირის ფასი დადგინდეს ლარში
სემეკ-ის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ინიციატივის გათვალისწინება, რომ ყოველთვიურად მოხდეს ტარიფების კორექტირება, ლარის კურსის ცვლილების გამო არის შეუძლებელი. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს.
ირინა მილორავა თბოსადგურების გაერთიანებას გამოსავალს სთავაზობს.
„თბოელეტროსადგურებისთვის ყოველ თვე ბუნებრივ გაზს ყიდულობენ, რომლის ფასიც არის დაფიქსირებული დოლარში, შესაბამისად, განსხვავდება ღირებულება ლარში გადაყვანით. ინიციატივა იყო, რომ ყოველთვიურად დაგვედგინა ტარიფი. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს, თუმცა ამ სიტუაციიდან არის ყველაზე მარტივი გამოსავალი, რომ გასაყიდი ბუნებრივი აირის ფასი დადგინდეს ლარში და შესაბამისად, კურსს არ ჰქონდეს გავლენა თბოელექტროსაგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფზე.
შემაჯამებელი კორექტირება მოხდება წლის ბოლოს. ოთხივე თბოსადგური ბუნებრივ აირს ყიდულობს „სოკარ იმპორტ ექსპორტისგან“. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ბუნებრივი გაზის ღირებულება არის 143 დოლარი. თუ ამ კონტრაქტში მოხდება ჩანაწერის გაკეთება, რომელიც ლარში დააფიქსირებს გასაყიდი გაზის ღირებულებას, გამოდის, რომ რისკები გამყიდველ კომპანიაში დარჩება, ხოლო ის მოახდენს გასაყიდი ფასის კორექტირებას ყოველი წლის ბოლოს. ეს შეიძლება გახდეს მოლაპარაკების საგანი. თუმცა კომპანია „სოკართან“ ამ ეტაპზე დისკუსია არ ყოფილა“, – განაცხადა ირინა მილორავამ.
საკითხის ინიციატორი, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მიესალმება გადაწყვეტილებას დიალოგის დაწყების შესახებ.