ირინა მილორავა - ლარის კურსის გამო, ელექტროენერგიის ტარიფზე არსებითი გავლენა ჯერ არ იგეგმება
ელექტროენერგიის მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2 ლარი და 50 თეთრი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო, ჯერ არ იგეგმება, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ სემკის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჯამში, ელექტროენერგეტიკულ სექტორში კომპანიების მიერაა წარმოდგენილი დაახლოებით, მილიარდამდე ლარის ინვესტიცია. ეს მოიცავს ინვესტიციებს გამანაწილებელ, გადამცემ ქსელებში და ასევე გენერაციის ობექტებში. ასევე აქვთ საინვესტიციო გეგმები წარმოდგენილი წყალმომარაგების ლიცენზიანტებს. მოგეხსენებათ, რომ ინვესტიციები არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი განაწილების, გენერაციის ტარიფებში და ბუნებრივია, მათი გავლენა სამომხმარებლო ტარიფებზე მოგვიანებით იქნება შეფასებული”, – განაცხადა მილორავამ.
მისივე თქმით, დღეს შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ რა მოუვა სამომხმარებლო ტარიფს.
“მართალია, ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ტარიფში, მაგრამ არა ერთადერთი. მომავალი კვირიდან ჩვენ დავიწყებთ სატარიფო სხდომებს თითოეული კომპანიის მიხედვით და შესაბამისად, უკვე თვის ბოლოსთვის გამოიკვეთება კონტურები სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დღევანდელ არსებულ მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2 ლარი და 50 თეთრი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო, ჯერ არ იგეგმება”, – განაცხადა მილორავამ.
მისივე თქმით, საბოლოო სურათი გამოჩნდება მხოლოდ კონკრეტული ტარიფების დადგენის შემდეგ, ასევე როდესაც განსაზღვრული იქნება ელექტროენერგიის შესყიდვის კალათა.
სემეკის სხდომაზე ელექტოროენერგეტიკულ სექტორში 13 კომპანიისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი სამი კომპანიისთვის 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმების დამტკიცების საკითხს განიხილავენ.