ირინა მილორავა - არ შეიძლება, ჰიდროგენერაციის განვითარებაზე უარი ვთქვათ, რადგან ის უფრო იაფი რესურსია
ირინა მილორავა - არ შეიძლება, ჰიდროგენერაციის განვითარებაზე უარი ვთქვათ, რადგან ის უფრო იაფი რესურსია

არ შეიძლება, უხვი ჰიდრორესურსის მქონე ქვეყანამ ჰიდროგენერაციის განვითარებაზე უარი თქვას, რადგან ის უფრო იაფი რესურსია, ვიდრე სხვა ალტერნატიული რესურსები, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე ირინა მილორავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. სემეკ-ის თავმჯდომარემ 3 მაისს პარლამენტში 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდების იმპორტზე დამოკიდებულება საგანგაშოდაა გაზრდილი და იმპორტზე დამოკიდებულების მოხსნის გზა ადგილობრივი გენერაციის განვითარებაა.

მილორავას განცხადებით, ენერგეტიკა მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობის კომპონენტი არ არის, შესაბამისად, ქვეყანამ   უნდა აითვისოს ენერგორესურსი, რის მარაგიც უხვად აქვს და პროექტები აუცილებლად გარემოს დაცვის უმაღლესი სტანდარტით განხორციელდეს.

„ენერგეტიკა არის არა მხოლოდ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, არამედ ზოგადად დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩვენ გვახსოვს ცუდი შემთხვევები, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ენერგეტიკის კუთხით დამოკიდებულებამ. ამიტომ ეს არის პირველი რიგის ამოცანა. მე პარლამენტში ხაზი გავუსვი, რომ ჩემი მთავარი მესიჯია საგანგაშოდ გაზრდილი იმპორტი. ორი წლის განმავლობაში სამჯერ გაზრდილი იმპორტი არ არის მცირე ციფრი. იმპორტდამოკიდებულების მოხსნის პირდაპირ გზა არის ადგილობრივი გენერაციის განვითარება. წარმოუდგენელია სხვა ალტერნატივა. რა უნდა განავითაროს ქვეყანამ, რომელსაც აქვს უხვი ჰიდრორესურსები, რა თქმა უნდა, ჰიდროსადგურები. ხშირად მომისმენია მოსაზრებები მზის, ქარის რესურსის განვითარების შესახებ, მაგრამ არ შეიძლება. ჰიდროგენერაციის განვითარებაზე უარი ვთქვათ, რადგან ეს არის უფრო იაფი, ვიდრე დანარჩენი ალტერნატიული რესურსი. გენერაციის განვითარებას როცა ვამბობ, ავტომატურად ვგულისხმობ, რომ ცალსახად, ეს გარემოს დაცვის სტანდარტებით უნდა მოხდეს“, – განაცხადა მილორავამ.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორ უნდა მოხდეს ჰიდრორესურსების განვითარება, როცა ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად აპროტესტებს ჰიდროპროექტების განხორციელებას. მილორავა დარწმუნებულია, რომ თუ ხელისუფლება მოსახლეობას სწორად აუხსნის, რა სიკეთე შეიძლება, მოუტანოს ჰიდროგენერაციის პროექტების განვითარებამ თავად მოსახლეობას და ზოგადად ქვეყანას, წინააღმდეგობა აღარ იქნება.

„ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია. თუ ადამიანებს სწორად ავუხსნით, რა სარგებელი მოაქვს ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას კონკრეტული რეგიონისთვის, სოფლისთვის, ქვეყნისთვის, ენერეგეტიკისთვის, დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის წინააღმდეგობა არ იქნება. ამის მკაფიო მაგალითი გვქონდა, როცა ბათუმში ტურისტულ ზონაში „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციას მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებდა. მიზეზი იყო მოსახლეობისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ინტენსიურად ვითანამშრომლეთ როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან. კომპანიის წარმომადგენელები კარდაკარ დადიოდნენ და უხსნიდნენ, რატომ არის ამ ქსელის განვითარება აუცილებელი. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ კომპანიას უშლიან ხელს. სინამდვილეში, ამის უკან დგას ათი, ასი მომხმარებელი, რომელსაც ენერგია არ მიეწოდება. მთავარია, იმდენჯერ ჩახვიდე, რამდენჯერაც საჭირო იქნება. საკმაოდ მასშტაბური წინააღმდეგობა გვქონდა და ახლა ეს მასშტაბი შემცირებულია“, – განმარტა ირინა მილორავამ.