ვერაფრით წარმომედგინა, რომ მე და ლია მიქაძე კოლეგები გავხდებოდით. იმდენად საოცარი და შეუდარებელი იყო, ის ვარსკვლავი იყო, – ამის შესახებ საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის ყოფილმა დიქტორმა, ირინა მათიაშვილმა განაცხადა.
„ლია პირველად გავიცანი ფოტოებიდან. ჩემი მეუღლე, გურამ თიკანაძე ძალიან ბევრ ფოტოს უღებდა ლიას, ჯულიეტას, შურიკოს. მე მაშინ ტელევიზიასთან არანაირი კავშირი არ მქონდა. ეკრანზე კი მყავდა ნანახი, ეს იყო მართლაც მიუწვდომელი რაღაც. ვერაფრით წარმომედგინა, რომ დადგებოდა დრო და ჩვენ გავხდებოდით კოლეგები. იმდენად საოცარი, იმდენად შეუდარებელი იყო, ვარსკვლავი იყო. ერთი ეპიზოდი მახსოვს, მაშინ არანაირი კონტაქტი არ მქონდა ტელევიზიასთან, პიონერთა სასახლესთან მოვდიოდი და ლია შემხვდა. შემომხედა აბსოლუტურად უცნობ ადამიანს. ორი კვირა ჭკუაზე არ ვიყავი, რომ ლია მიქაძემ შემომხედა. ვარსკვლავი იყო, ნამდვილი“, – აღნიშნა ირინე მათიაშვილმა.
საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე 86 წლის ასაკში 10 ნოემბერს გარდაიცვალა. ლეგენდარული ტელეწამყვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ლია მიქაძე იყო საქართველოს პირველი ტელევიზიის პირველი სახე, რომელმაც ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად, 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდის ანძასთან მოწყობილი ტელეხედვის სტუდიიდან მოსახლეობას სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყების შესახებ აცნობა. მას შემდეგ, 50 წლის განმავლობაში მაყურებელს ეკრანიდან ესალმებოდა. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა გადაცემას, ღონისძიებას თუ საზეიმო ეთერს უძღვებოდა. ცხრა წლის წინ ტელევიზიამ ყველასთვის საყვარელ და პოპულარულ წამყვანს მთაწმინდაზე ვარსკვლავი გაუხსნა.