ირინა აბულაძე - მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებსა და პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება ატესტატის გარეშე შეეძლებათ, დოკუმენტს კი მოგვიანებით წარადგენენ
მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებსა და პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება ატესტატის გარეშე შეეძლებათ, დოკუმენტს კი სასწავლებელში მოგვიანებით, მისი აღების შემდეგ წარადგენენ, – ამის შესახებ პირველ არხს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განუცხადა.
აბულაძის თქმით, ამ მხრივ აბიტურიენტებს დაბრკოლებები არ შეექმნებათ.
„გამომდინარე იქიდან, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მარტი-აპრილის განმავლობაში ხორციელდება, აბიტურიენტებს შეეძლებათ ჩვეულებრივად დარეგისტრირება, ხოლო ატესტატის წარდგენას ისინი უკვე მოგვიანებით მოახდენენ, მას შემდეგ რაც დოკუმენტს აიღებენ, ეს მათ ხელს არ შეუშლის“,- განმარტა მინისტრის მოადგილემ.
მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მოსწავლის შეფასება აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოხდება. კონკრეტულად კი, უწყების განმარტებით, ატესტატს აიღებს ის მოსწავლე, რომელსაც ყველა საგანში დადებითი შეფასება ანუ ხუთი ან მეტი ქულა ექნება.
ირინა აბულაძის ინფორმაციით, საგნებში სემესტრული შეფასებები დაჯამდება და ატესტატის გაცემას წლიური შეფასების ჯამური ქულა განაპირობებს.
„სასწავლო წელი ჩვეულებრივად სრულდება, სკოლები თავადვე გააკეთებენ მოსწავლეების შეფასებას, როგორც აქამდე აკეთებენ. მათ აქვთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლისთვის დანიშნონ დამატებითი გამოცდებიც. შეფასება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი, როგორც ეს ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი. სემესტრული შეფასებები ჯამდება და გამოდის უკვე წლიური შეფასების ჯამური ქულა.
ყველა პირი, რომელიც წელს ამთავრებს ან აქამდე დაამთავრა სკოლა და დადებითად იქნა შეფასებული სკოლის მიერ, ანუ მიიღო ყველ საგანში ხუთი ქულა და მეტი, შეძლებს მიიღოს ატესტატი. ეს ეხება ყველას, მათ შორის მათ, ვინც სკოლის გამოსაშვებ (ე.წ. CAT) გამოცდებში ერთ ან რამდენიმე საგანში ჩაიჭრა“, -განმარტა განათლების მინისტრის მოადგილემ.
ირინა აბულაძის თქმით, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები საკანონმდებლო ინიციატივის სახეს მომავალ კვირას მიიღებს, რის შემდეგაც ის საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე განიხილება.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ამოქმედდება ატესტატის გაცემის ახალი წესი, ვადები და საფასური კი მთავრობის დადგენილებით უკვე განსაზღვრულია.
მოსწავლეებს ატესტატების მიღება იუსტიციის ცენტრებში 10 დღის ვადაში, უფასოდ შეეძლებათ.