ირინა აბულაძე - დავიწყეთ მუშაობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რასაც დავალების შესაბამისად, უკვე ერთი კვირის ვადაში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს
ირინა აბულაძე - დავიწყეთ მუშაობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რასაც დავალების შესაბამისად, უკვე ერთი კვირის ვადაში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს

დავიწყეთ მუშაობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რასაც დავალების შესაბამისად, უკვე ერთი კვირის ვადაში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მან 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა.

„მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, ნათესავებს. ჩვენთვის ეს არის ძალინ დიდი ტრაგედია და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რომ იმუშაოს პრევენციულ ღონისძიებებზე, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაიცა დავალება უწყებების მიმართ, რომ ერთი კვირის ვადაში შემუშავდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა იმისათვის, რომ ერთი მხრივ აღმოიფხვრას სისტემური ხარვეზები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მეორე მხრივ კი, მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. განათლების სამინისტრო და მისი ყველა სტრუქტურა მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჩვენც ველოდებით გამოძიების დასრულებას. თუმცა, ამ პერიოდში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რასაც უკვე ერთი კვირის ვადაში დავალების შესაბამისად წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

მისივე თქმით, ტრაგედიის თანამონაწილე და პასუხისმგებელი არის მთელი საზოგადოება, დაწყებული სკოლიდან, დასრულებული ნებისმიერი მოქალაქით, მედიით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი; ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს – დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში; იუსტიციის სამინისტროს – წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაშიმყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.