ირინა აბულაძე - მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მაქსიმალური მონიტორინგი, რათა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოსწავლის უსაფრთხოება დაცული იყოს
ირინა აბულაძე - მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მაქსიმალური მონიტორინგი, რათა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოსწავლის უსაფრთხოება დაცული იყოს

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან სხვადასხვა უწყების მიმართ გაცემულია დავალება, რომ ერთი კვირის ვადაში შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიანს ეფექტს.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სკოლებში უსაფრთხოების დაცვის, თუ პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რაც ამჟამად დასახვეწია.

„ანალოგიურად უნდა მიექცეს ყურადღება კერძო სკოლებში მსგავსი სერვისების განვითარებას. მაგალითისთვის, შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო სკოლებში გვყავს მანდატურები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც გადიან სპეციალურ გადამზადებას ბავშვთან ურთიერთობის, ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ასეთი რეკომენდაცია გვექნება სავარაუდოდ კერძო სკოლების მიმართაც, მაგრამ ვმუშაობთ დეტალებზე, რა ფორმა ექნება. დეტალიზებისგან თავს შევიკავებ, რადგან კერძო სკოლებს, დღესაც ავტორიზების სტანდარტით ევალებათ, რომ მოსწავლეების ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსაფრთხოება დაიცვან. კერძო სკოლები ვალდებულები არიან, ასეთი ტიპის სერვისები ჰქონდეთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ მონიტორინგს, აქვთ თუ არა მათ ასეთი სერვისები. ახლა საუბარია იმაზე, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს და უფრო მეტად შესაბამისობაში მოვიდეს იმ სისტემასთან, რაც ჩვენ დეკლარირებული გვაქვს საჯარო სკოლებში. ჩვენ გვაქვს მოცემული ერთი კვირის ვადა, რათა იუსტიციის სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, შინგან საქმეთა სამინისტროსთან, დირექტორებთან, მასწავლებლებლებთან და რაც მთავარია, დარგის ექსპერტებთან მაქსიმალური კოორდინაციით, დავამუშაოთ სხვადასხვა ვერსია. ერთი კვირის ვადაში წარვუდგენთ პრემიერს და სამუშაო ჯგუფს იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, საკმაოდ გაფართოებული შემადგენლობა იყო, ესწრებოდნენ არასამთვრობო ორგანიზაციებიც, სახალხო დამცველის აპარატიც. ასე რომ, ჩვენი მთავარი გზავნილია, მოსწავლე კერძო სკოლაში სწავლობს, თუ საჯაროში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მაქსიმალური მონიტორინგი, რათა დაცული იყოს მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური უსაფრთხოება“ ,- განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.