IRI-ს კვლევით, გამოკითხულთა 89% აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში კორუფციის ფაქტებთან შეხება საერთოდ არ ჰქონია
IRI-ს კითხვაზე, თუ ახდენს ან რა მასშტაბით ახდენს კორუფცია თქვენზე უარყოფით გავლენას (იგულისხმება ვინმეს დახმარებაა, საჩუქრის ჩუქება ან ქრთამის გადახდა პერსონალური სარგებლის მისაღებად) პასუხები ასე გადანაწილდა: ძალიან ბევრი უარყოფითი გავლენა აქვს – 5%; გარკვეული უარყოფითი გავლენა აქვს – 10%; ძალიან მცირე უარყოფითი გავლენა აქვს – 7%; საერთოდ არ აქვს უარყოფითი გავლენა – 70%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 8%.
კითხვაზე, გასული 12 თვის განმავლობაში საერთოდ ან რამდენად ხშირად დაგჭირვებიათ დახმარება, საჩუქრის ჩუქება ან ქრთამის გადახდა, პასუხები ასეთია: ყოველდღიურად – 1%; ყოველკვირეულად -1%; თვიურად – 2%; ნაკლებად ხშირად – 7%; საერთოდ არა – 89%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 1%.
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.