IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63 პროცენტი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი მიგაჩნიათ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, გამოკითხულთა 63 პროცენტი ასახელებს ევროკავშირს, 47 პროცენტი – აშშ-ს, 27 პროცენტი – უკრაინას, 18 პროცენტი – თურქეთს, 16 პროცენტი – აზერბაიჯანს.
ასევე, 12 პროცენტი ასახელებს ბრიტანეთს, 8-8 პროცენტი – რუსეთს, სომხეთსა და ისრაელს, სამი პროცენტი – ჩინეთს, ორი პროცენტი – უნგრეთს, ერთი პროცენტი – ირანს.
გამოკითხულთა ხუთი პროცენტი მიიჩნევს, რომ არცერთი არ მიაჩნია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, კითხვაზე პასუხი არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე გამოკითხულთა ხუთი პროცენტი.
ამასთან, ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 87 პროცენტი რუსეთს ასახელებს, 8-8 პროცენტი – აშშ-სა და თურქეთს, ოთხი პროცენტი – ირანს, 3-3 პროცენტი ასახელებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, ევროკავშირს ასახელებს გამოკითხულთა სამი პროცენტი, უკრაინას – ორი პროცენტი, ჩინეთს – ორი.
ამასთან, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 60 პროცენტი ევროკავშირს ასახელებს, 43 პროცენტი – აშშ-ს, 30 პროცენტი – თურქეთს, 22 პროცენტი – აზერბაიჯანს, 21 პროცენტი – უკრაინას, 12 პროცენტი – რუსეთს.
საქართველოს ეკონომიკის ყველზე დიდ საფრთხედ გამოკითხულთა 76 რუსეთს მიიჩნევს, ექვსი პროცენტი – თურქეთს, ხუთი პროცენტი – აშშ-ს, ორი პროცენტი – ევროკავშირს, ხოლო ორი პროცენტი – უკრაინას.
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.