IRI- ბოლო არჩევნების შემდეგ საარჩევნო ჩარჩო საგრძნობლად გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილებისგან შორსაა, პროგრესი მიღწეულია
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისა და ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შეფასების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი რეფორმების შემდეგ, ეს იყო პირველი არჩევნები. IRI აღნიშნავს, რომ განხორციელდა რეფორმები, რომლებიც გავლენას ახდენდა საარჩევნო კომისიების შემადგენლობაზე, წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებზე, ხმების დათვლის, საარჩევნო დავების გადაწყვეტისა და საკრებულოებში კანდიდატების არჩევაზე. ამგარიშში ნათქვამია, რომ განხილვების შემდეგ ამ რეფორმებით საარჩევნო ჩარჩო საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა, თუმცა რეფორმები არ აკმაყოფილებდა გარე ჯგუფებისა და სამოქალაქო დამკვირვებლების ყველა რეკომენდაციას.
„ბოლო არჩევნების შემდეგ საარჩევნო ჩარჩო საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის ხელშეწყობით აღდგა საზოგადოებრივი ნდობა საარჩევნო მართვის ორგანოების მიმართ. იმის მიუხედავად, რომ სრულყოფილებისგან შორსაა, პროგრესი მიღწეულია“, – აღნიშნა IRI-ს ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.
ანგარიშის თანახმად, კამპანიის პერიოდში, IRI-ს გუნდმა აღმოაჩინა ძალადობის, დაშინების, ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ ზეწოლის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების მზარდი შემაშფოთებელი ტენდენციები, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის არსებულ ხაზებს.
„არჩევნების დღე საარჩევნო უბნებზე ძირითადად იყო მშვიდი, მთელი რიგი პროცედურული ხარვეზებით, რომელთაგან არც ერთი არ იყო სისტემურად ორკესტრირებული, თუმცა შიდა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს პარტიული წარმომადგენლების გაძლიერებული მობილიზება და ამომრჩევლებისთვის თვალყურის მიდევნების მცდელობები საარჩევნო უბნების გარეთ“,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
„პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის და დაშინების თანმიმდევრული, ან მზარდი ნიმუში ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ სერიოზული საფრთხეა ნებისმიერი დემოკრატიისთვის. მშვიდობიანი საარჩევნო დღის მიუხედავად, მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი პროცესი ყველა ქართველისთვის. ჩვენი ანგარიში აჩვენებს, რომ აუცილებელია კამპანიის გარემოს გაუმჯობესება“, – აღნიშნა ნიქსმა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გადათვლის პროცესი საკამათო იყო და გამოავლინა 33%-იანი დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში. იმის მიუხედავად, რომ ხმები გადანაწილდა ხელახალი დათვლის საფუძველზე,ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს შეცდომები მნიშვნელოვნად არ შეცვლიდა პირველი ტურის საერთო შედეგებს.