ირანული მედიის ცნობით, რეგიონული წინააღმდეგობის ათასობით მებრძოლი აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს „ჰეზბოლას“ ისრაელთან ომის შემთხვევაში
ირანული მედიის ცნობით, რეგიონული წინააღმდეგობის ათასობით მებრძოლი აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს „ჰეზბოლას“ ისრაელთან ომის შემთხვევაში

რეგიონული წინააღმდეგობის ათასობით მებრძოლი აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს „ჰეზბოლას“ ისრაელთან ომის შემთხვევაში, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ერაყული ჯგუფების სამხედრო მრჩევლები უკვე ლიბანში არიან და საჭიროების შემთხვევაში ავღანეთის, პაკისტანისა და იემენის დაჯგუფებებიც, შეიძლება, ჩავიდნენ ისრაელთან ომში მონაწილეობის მისაღებად.

„ჰეზბოლას“ ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ სურთ ომი ისრაელთან, მაგრამ თუ ეს მოხდება, ისინი მზად არიან.

პარალელურად, „ჰეზბოლას“ გენერალურმა მდივანმა, სეიედ ჰასან ნასრალამ თქვა, რომ წინააღმდეგობის ფრონტის ხელმძღვანელებმა ირანიდან, ერაყიდან, სირიიდან, იემენიდან და სხვა ქვეყნებიდან შესთავაზეს ათიათასობით მებრძოლის გაგზავნა „ჰეზბოლას“ დასახმარებლად, თუ ისრაელი ლიბანში შეიჭრება. ნასრალას მტკიცებით, „ჰეზბოლას“ უკვე ჰყავს 100 000 ჯარისკაცი.

დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთი ომის გაფართოების ზღვარზეა.