ირანული მედია - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-სომხეთის ერთობლივი წვრთნები უფრო გაართულებს რეგიონულ სიტუაციას
სომხეთ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ირანი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები კიდევ უფრო გაართულებს რეგიონულ სიტუაციას.
ირანელმა დიპლომატმა გამოთქვა შეშფოთება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და განიხილა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზები. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რეგიონული დავების გადაწყვეტის აუცილებლობას მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, ასევე ყურადღება გაამახვილა დიალოგისა და რეგიონული მექანიზმების, მათ შორის 3+3 მექანიზმის, ეფექტურობაზე ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად.
თავის მხრივ, არარატ მირზოიანმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სასაზღვრო ხაზების ნებისმიერი ცვლილება მიუღებელია. მირზოიანმა დაადასტურა, რომ სომხეთის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ირანის საწინააღმდეგო მოქმედებების პლატფორმად.
სომხეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ერევნის მახლობლად 11 სექტემბერს დაიწყო.