ირანში აცხადებენ, რომ „შევიწროვების შემთხვევაში სპარსეთის ყურეში ამერიკულ გემებს თავს დაესხმებიან“
ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ბრძანება მიიღო, შევიწროვების შემთხვევაში თავს დაესხან ამერიკულ გემებს სპარსეთის ყურეში, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური დანაყოფის, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურმა განაცხადა. გენერალ-მაიორ ჰოსეინ სალამის თქმით, გასულ კვირას, ამერიკელების არაპროფესიონალურმა და სახიფათო მოქმედებამ „რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და აშშ-ის სამხედრო ხომალდების კონფრონტაცია გამოიწვია.
„ჩვენ ვეუბნებით ამერიკელებს, რომ ჩვენ ბოლომდე მტკიცედ და სერიოზულად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, საზღვაო საზღვრებს, საზღვაო ინტერესებს, საზღვაო უსაფრთხოებას და ჩვენი ძალების უსაფრთხოებას ზღვაზე. მტრის ნებისმიერი მცდარი მოძრაობა შეხვდება ჩვენ გადამწყვეტ, ეფექტურ და სწრაფ რეაგირებას. ჩვენ, ზღვაზე ჩვენს სამხედრო ნაწილებს ვუბრძანეთ, თუ აშშ-ის ტერორისტი სამხედროების საზღვაო ძალების გემი ან სამხედრო ქვედანაყოფი შეეცდება საფრთხე შეუქმნას ჩვენი სამოქალაქო გემების ან საბრძოლო გემების უსაფრთხოებას, ისინი ამ გემს ან სამხედრო ქვედანაყოფს თავს უნდა დაესხან“, – აღნიშნა სალამიმ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ქვეყნის საზღვაო ძალებმა მიიღეს ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში ირანის სამხედრო კატარღებს შეუტიონ.