ირანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კავკასიის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების დაცვა ირანისთვის წითელი ხაზია
ირანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კავკასიის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების დაცვა ირანისთვის წითელი ხაზია

ირანის თავდაცვის მინისტრი მუჰამედ რეზა აშთიანი აცხადებს, რომ კავკასიის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების დაცვა ირანისთვის წითელი ხაზია.

როგორც ირანული მედია წერს, ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი შოიგუსთან თეირანში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 3+3-ის შეთავაზებული ფორმატი კავკასიაში პრობლემების მშვიდობიანი დარეგულირების სათანადო გზაა. ამასთან, მინისტრმა მკაფიო წინააღმდეგობა გამოთქვა რეგიონში არარეგიონული ძალების ყოფნასთან დაკავშირებით.

მან ხაზი გაუსვა რუსეთსა და ირანს შორის რეგიონული, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხია ერთობლივ გამოწვევებთან გამკლავება, მათ შორის აშშ-ის უნილატერალიზმთან. როგორც ირანული მედია წერს, თავის მხრივ, სერგეი შოიგუ მიესალმა 3+3 ფორმატის კავკასიაში კონფლიქტების დასარეგულირებლად გამოყენების იდეას. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ირანის პოზიციას კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე დაგმო რეგიონში არარეგიონული ქვეყნების ყოფნა და საქმიანობა.