ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ნაფტალი ბენეტის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი რეგიონის უსაფრთხოებას ძირს უთხრის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისტორიული ვიზიტის შედეგები დადებითად შეაფასა.
ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა გამართა აბუ-დაბის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანთან და მათ შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ბენეტის განცხადებით, მას საფუძვლიანი და გულწრფელი საუბრები ჰქონდა ამ ორ ქვეყანაზე, ზოგადად ახლო აღმოსავლეთზე, ასევე ეკონომიკა და ტექნოლოგიებზე.
„ისრაელში მივფრინავ ძალიან ოპტიმისტური განწყობით, რომ ეს ურთიერთობა გახდება მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება რეგიონში მშვიდობის დამყარება“, – განაცხადა ბენეტმა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგმეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, საიდ ხატიბზადეს განცხადებით, ნაფტალი ბენეტის ვიზიტი საამიროებში ძირს უთხრის რეგიონის უსაფრთხოებას.
„ხატიბზადემ კომენტარი გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები ძირს უთხრის რეგიონის უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგება რეგიონის ხალხისა და არაბული ქვეყნების ინტერესებს“, – ნათქვამია ირანის ხელისუფლების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.