ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპი თუ დაინტერესებულია ომის შეჩერებით, მომდევნო ნაბიჯები მნიშვნელოვანი იქნება, ვაშინგტონიდან ერთი ზარიც საკმარისია ნეთანიაჰუს მსგავსი ადამიანის გასაჩუმებლად
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპი თუ დაინტერესებულია ომის შეჩერებით, მომდევნო ნაბიჯები მნიშვნელოვანი იქნება, ვაშინგტონიდან ერთი ზარიც საკმარისია ნეთანიაჰუს მსგავსი ადამიანის გასაჩუმებლად

ბრძოლის შესაჩერებლად ვაშინგტონიდან ერთი სატელეფონო ზარიც საკმარისია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა და განაცხადა, რომ ვაშინგტონიდან ერთი სატელეფონო ზარიც საკმარისია ბრძოლის შესაჩერებლად.

„ბენიამინ ნეთანიაჰუ ძებნილი სამხედრო დამნაშავეა. ის ასევე თაღლითია, რომელმაც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტები მოატყუა და საკუთარი ომები წამოიწყო. ნეთანიაჰუს ირანზე დანაშაულებრივი თავდასხმის მიზანი ასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მკვლელობა, ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების ჩაშლაა, რომლის მისაღწევადაც ჩვენ სწორ გზაზე ვიყავით. ის კიდევ ერთ ამერიკელ პრეზიდენტს და სულ უფრო მეტ ამერიკელ გადასახადის გადამხდელს აბსოლუტურ სულელებად წარმოაჩენს. თუ პრეზიდენტი ტრამპი გულწრფელად არის განწყობილი დიპლომატიისადმი და დაინტერესებულია ამ ომის შეჩერებით, მომდევნო ნაბიჯები მნიშვნელოვანი იქნება. ვაშინგტონიდან ერთი სატელეფონო ზარიც საკმარისია ნეთანიაჰუს მსგავსი ადამიანის გასაჩუმებლად. ამან, შეიძლება, გზა გაუხსნას დიპლომატიაში დაბრუნებას“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელ X-ზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელს აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ისრაელმა უნდა შეწყვიტოს აგრესია. ჩვენ წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის სრული შეწყვეტის გარეშე, ჩვენი პასუხები გაგრძელდება. არ დავივიწყოთ: ირანს არ დაუწყია ეს ომი, მაგრამ ჩვენ ამაყად ვიბრძოლებთ სისხლის ბოლო წვეთამდე, რათა დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ღირსება და ჩვენი მიღწევები“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.