ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი თუ არ შეჩერდება, შესაძლოა, ვითარება უკონტროლო გახდეს, შედეგები კი აშშ-ზე იმოქმედებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ისრაელ-ჰამასის ომი თუ არ შეჩერდება, შესაძლოა, ვითარება უკონტროლო გახდეს, შედეგები კი აშშ-ზე იმოქმედებს. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ ომი არ შეჩერდება, მისი გაფართოების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. მსოფლიო დღეს ხედავს, რომ ღაზის ომმა ახალი განზომილება შეიძინა და ღაზის მხარდასაჭერად მოქმედებენ რეგიონის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ლიბანი და იემენი. ეს ვითარება თუ გაგრძელდა, ნებისმიერ დროს შესაძლოა, მოხდეს უკონტროლო და არაპროგნოზირებადი აფეთქება. ეს არის ის, რასაც ამერიკელები დღემდე ვერ ხვდებიან და თუ ამას მალე ვერ გააცნობიერებენ, შედეგები ძლიერ გავლენას მოახდენს აშშ-ზე“, – აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.